ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ წესებს, რომელიც უცხოურ ლობირებას ეხება

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დირექტივას, რომელიც მესამე ქვეყნების ინტერესთა წარმომადგენლობის, ანუ ლობირების გამჭვირვალობის გაზრდას ეხება. „ქართული ოცნების“ ლიდერები ირწმუნებიან, რომ ევროკავშირი თავად იღებს ისეთ კანონებს, რისთვისაც მათ აკრიტიკებდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ვხედავთ, რომ რაც ევროკავშირისთვის მისაღებია, ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიისთვის მისაღებია, ამის მიღებას გვკირძალავდნენ ჩვენ და პირდაპირ რუსულს უწოდებდნენ. ახლა როგორც ჩანს, თვითონ ევროკავშირის ბიუროკრატია აპირებს, რომ რუსული კანონი მიიღოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.

ევროპარლამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არსებული „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონებისგან განსხვავებით, ეს დირექტივა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზაციებისთვის (მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის) იარლიყის მიმაგრების ან დასჯის ან საზოგადოების მონაწილეობის შეზღუდვისთვის. ის ასევე არ უნდა იქნას გამოყენებული მესამე ქვეყნებიდან იმ დაფინანსების გამჟღავნების მოთხოვნის ან აკრძალვის მიზნით, რომელიც ლობიზმთან არ არის დაკავშირებული.

„ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ კავშირისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია, რომელსაც კავშირი მუდმივად გმობს, როგორც არაპროპორციულს, დისკრიმინაციულს და გაუმართლებელს. ეს მიდგომა გულისხმობს კანონების მიღებას, რომლებიც ზედმეტად ზღუდავენ სამოქალაქო სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინებითა და სტიგმატიზაციით, მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით.

ასეთი კანონებით სამიზნე ორგანიზაციების „უცხოელი აგენტების“ სტატუსით მონიშვნა მათი ფინანსური სტაბილურობისა და სანდოობის შელახვისკენაა მიმართული. „უცხოელი აგენტების“ შესახებ ასეთი კანონებისგან განსხვავებით, ეს დირექტივა არ ახდენს კონკრეტული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის უარყოფით მონიშვნას და არც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

სამაგიეროდ, ის ითვალისწინებს გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც მესამე ქვეყნების სახელით ახორციელებენ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობას.

გარდა ამისა, ეს დირექტივა არ კრძალავს რაიმე სახის საქმიანობას და არ მოითხოვს დაფინანსების გამჭვირვალობას, რომელიც არ არის დაკავშირებული მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებულ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობასთან. შესაბამისად, ეს დირექტივა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას სხვა წევრი სახელმწიფოებისგან ან მესამე ქვეყნის სუბიექტებისგან იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობასთან ამ დირექტივის მნიშვნელობით“, - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ ტექსტში.

ევროპარლამენტის ინფორმაციით, დირექტივა ვრცელდება ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება ანაზღაურების (ან სხვა სახის გადახდის) სანაცვლოდ, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენას. ეს მოიცავს შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას ან მათში მონაწილეობას, კონსულტაციებისთვის ან მოსმენებისთვის მასალების წარდგენას, საკომუნიკაციო კამპანიების ჩატარებას (მათ შორის, სოციალური მედიის ინფლუენსერების მეშვეობით), პოლიტიკური დოკუმენტების მომზადებას, შესწორებების წინადადებების წარდგენას და გამოკითხვების ჩატარებას. გამონაკლისია ისეთი საქმიანობები, როგორიცაა ოფიციალური სამთავრობო ან დიპლომატიური ფუნქციები, მედია მომსახურება, იურიდიული კონსულტაცია და სამეცნიერო კვლევა.

ევროპარლამენტის პრესარელიზში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის დაცვა სურთ. ანაზღაურებად არ ჩაითვლება მესამე ქვეყნების გრანტებიდან დაფინანსება, რომელიც არ არის დაკავშირებული ლობისტურ საქმიანობასთან.

„ამ დირექტივის თანახმად, ყველას, ვისაც სურს გავლენა მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნებში გადაწყვეტილებებზე უცხო ქვეყნის მთავრობის სახელით, მოეთხოვება რეგისტრაცია და ხილვადობა. ის ადგენს მკაფიო, ერთგვაროვან წესებს მთელ ევროპაში, ლეგიტიმური ორგანიზაციებისთვის იარლიყის მიბმის ან ვალდებულებების დაკისრების გარეშე“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ადინა ველეანმა.

გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, დირექტივა მოითხოვს, რომ დამოუკიდებელმა ეროვნულმა ორგანოებმა აწარმოონ სავალდებულო რეესტრები, რომლებიც ერთმანეთთან ევროკავშირის ცენტრალიზებული პორტალის მეშვეობით იქნება დაკავშირებული. რეგისტრაციის შემდეგ, ორგანიზაციებს მიენიჭებათ ევროპული ინტერესთა წარმომადგენლობის უნიკალური ნომერი (EIRN), რომელიც ძალაში იქნება მთელ ევროკავშირში. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მონაცემები უნდა იყოს წარმოდგენილი ფაქტობრივად და ნეიტრალურად და თავად რეგისტრაციამ არ უნდა შექმნას უნდობლობის ატმოსფერო.

ამჟამად ლობირებას ევროკავშირის წევრი მხოლოდ 16 სახელმწიფო არეგულირებს. დირექტივა ერთიანი წესების შემორებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.