პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების მთავარ წინაპირობად „ქართული ოცნება“ „დანაშაულის აღიარებასა და „ულწრფელ სინანულს“ აყენებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდის პოზიცია უცვლელია: პოლიტიკური გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ მსჯავრდებულები საკუთარ ქმედებებს მოინანიებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 4 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 5 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 6 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
„აქ არის მარტივი მიდგომა - თუ კონკრეტული პატიმრები გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა, გვექნება სათანადო რეაგირება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, რათა აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს მიდგომა „სრულად თავსებადია ეკლესიის პოზიციასთან“.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ეთქვათ უარი სასჯელის შემსუბუქებაზე მათაც კი, ვინც დანაშაული აღიარა, კობახიძემ კონკრეტულ საქმეებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა გამიჯნა სასამართლოსა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები:
„სასამართლო მოქმედებს მკაცრად სამართლებრივი სტანდარტებით და ვერ იხელმძღვანელებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით, თუმცა ამის საშუალება აქვს პრეზიდენტს. ვიდრე არ დავინახავთ აღიარებას, ჩვენი მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება ვერ იქნება“.
პოლიტპატიმრების შეწყალების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ახალი პატრიარქის, შიო III-ის აღსაყდრების შემდეგ გახდა. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ პატრიარქი შიო III საზოგადოებრივი ერთობისთვის პირველ ნაბიჯს გადადგამს და სინდისის ყველა პატიმრის შეწყალებას მოითხოვს, რათა ქვეყანამ ყველაფერი „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს. საპატრიარქო ადასტურებს, რომ ამ თემაზე შუამდგომლობას აპირებს, თუმცა სინოდის წევრთა აზრები იყოფა:

მიტროპოლიტი მიქაელი (გაბრიჭიძე): „შეწყალებაზე ჩემზე კარგი პოზიცია არავის აქვს, რადგან მე თავად მაბარია მსჯავრდებულები... დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას. რაც შეეხება კონკრეტულად ჟურნალისტ მზია ამაღლობელს [მედიაგამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი], მე ის პირადად მოვინახულე დაკავების შემდეგ. გვქონდა გასაუბრება. ჩვენ ვერავის დავიჭერთ და ვერც გამოვუშვებთ, ეს სახელმწიფოს საქმეა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ლოცვებში მოვიხსენიოთ ისინი. თუმცა, საერთოდ, მონანიება არის პირველი“.
ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე): „ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს. ვფიქრობ, პატიმართა შეწყალების იდეა არცთუ ისე შორსაა რეალიზებისგან“.
მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) მხარს უჭერს ეკლესიის მხრიდან ინიციატივას და თვლის, რომ სახელმწიფომ ეკლესიის „ქრისტიანული თხოვნის“ საფუძველზე პრობლემის გადაჭრის გზები უნდა მოიძიოს.
მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე): „პატიმართა შეწყალება ერთ-ერთი სათნოებაა. როგორც ქრისტიანი, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, ყველა პატიმარს უნდა მივხედოთ, ასეა დაწერილი“.
მკვეთრად კრიტიკული იყო მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რომლის თქმითაც, პატიმრებმა თავისუფლება პოლიტიკური გამარჯვების სიმბოლოდ არ უნდა გამოიყენონ:
„თუ ისინი გამოვლენ და იტყვიან: „აი, ჩვენ გავიმარჯვეთ“, ვინ იქნება ამის მიზეზი? პატრიარქი შიო, რომელმაც მათ ასეთი ფუფუნება მოუწყო?! ეკლესიის გამოყენება პოლიტიკისთვის დაუშვებელია“.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს. მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები.
