„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

სააგენტო „როიტერსის“ ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 12 პირიდან შვიდთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. გარიგების საფუძველზე, ისინი 3-წლიან პირობით მსჯავრს მიიღებენ და უახლოეს პერიოდში საპატიმროს დატოვებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საპროცესო შეთანხმება გაფორმდება: ალექსანდრე ხაბეიშვილთან, ბექა ქელეხსაშვილთან, გიორგი მუმლაძესთან, მამუკა ლაბუჩიძესთან, გურიელ ქარდავასთან, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძესთან.

საქმის პროკურორის, ლაშა ცქვიტარიას თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარება და სინანულის გამოხატვა გახდა. მისივე განცხადებით, პროკურატურა მზად არის, ანალოგიური შეთანხმებები კიდევ სამ ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეზეც გააფორმოს.

ამ ეტაპზე საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებენ ბრალდებულები: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, ნანა სანდერი, მარიამ მეყანწიშვილი და ანტონ უპერი.

მათგან მარიამ მეყანწიშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული, ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აღიარებას არ აპირებს. ვახტანგ ფიცხელაურის ადვოკატი, ლექსო მერებაშვილი კი აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლოს არქონის პირობებში, ობიექტური განაჩენის გამოტანა შეუძლებელია, ამიტომ თავის დაცვის ქვეშ მყოფს გარიგებაზე დათანხმებას შესთავაზებს.

საპროცესო შეთანხმებების ფონზე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სხვა პატიმრებს აღიარებისკენ და განაცხადა, რომ სინანულის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

„ჩვენ ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთეთ შეწყალებასთან დაკავშირებით. თუ იქნება სინანული და დანაშაულის აღიარება, მზად ვართ, რეაგირება გვქონდეს. ძალიან კარგი იქნება, თუ სხვა პატიმრებიც მიბაძავენ ამ ადამიანებს. დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ე.წ. 4 ოქტომბრის საქმე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი აქციის ფარგლებში, დემონსტრანტების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა, სადაც ჯებირების საეჭვო ვითარებაში გადავარდნას სპეცრაზმთან შეტაკება მოჰყვა. გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლებით დაიწყო.

საქმეზე ჯამში 65-მდე ადამიანი დააკავეს. 7 მაისს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, მათ შორის ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიასა და თორნიკე მჭედლიშვილს - 5-5-წლიანი პატიმრობა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.