ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ბრალდებულის პოზიცია მისმა ადვოკატმა, ბექა გულედანმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
უძილაური დაკავებას „პარტიული დისციპლინისადმი“ დაუმორჩილებლობას უკავშირებს და აცხადებს, რომ „მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს“.
ბრალდებული ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის პარალელურად, ორჯერ მიიღო მონაწილეობა სტუდენტების პროევროპულ საპროტესტო აქციებში. ადვოკატის განცხადებით, უძილაურმა იცოდა, რომ მისი ტელეფონები ისმინებოდა, თუმცა „დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისთვის გამოგონილ საფრთხობელებს და გმობდა სტუდენტების მიმართ სასტიკ პოლიტიკას“.
როგორც უძილაური აღნიშნავს, მისი „წითელი ხაზი“ ეკა ბესელიას „გაშავებაზე“ უარის თქმა გახდა: „ვიცოდი, რომ მალე ჩემთანაც მოვიდოდნენ“.
მისი თქმით, 2011 წლიდან ივანიშვილის გუნდის წევრი იყო და სააკაშვილის მმართველობას ებრძოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ დღევანდელი „ქართული ოცნება“ მკვდარია და იდეალები მედროვეობამ ჩაანაცვლა.
უძილაური ხაზს უსვამს 2012 წლის არჩევნებში დასავლეთის როლს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდი მუდმივ კოორდინაციაში იყო ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან. იგი ადასტურებს, რომ თავადაც ჰქონდა კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან.
„მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან „ოცნება“ ინარჩუნებდა პროევროპულ კურსს, ვამჩნევდი, რომ ხელისუფლებაში ძლიერდებოდა აზრი, თითქოს დემოკრატია მოუხერხებელია მმართველობისთვის. ევროინტეგრაციისგან დაშორება ხდებოდა ეტაპობრივად, საჯარო მოხელეების აზრის თავისუფლების შეზღუდვით“, – აცხადებს უძილაური.
მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკასა და რუსეთის მიმართ ლაჩრულ დამოკიდებულებას. „მშვიდობის გარანტი არის ევროპა და არა რუსული ჩექმის ამბორი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 მაისს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, იგი ბრალდებულია ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. გამოძიება მტკიცებულებად ასახელებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და ძალოვანი სტრუქტურების შესახებ ინფორმაციის მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ მიწოდებას.
საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი უძილაურს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
