ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ კონფერენციაზე გამოსვლისას საპროტესტო აქციებსა და ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“.
მისივე თქმით, პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი დისკუსია და განსხვავებული აზრის მოსმენაა, თუ მხარეებს „სამშობლოს რეალური სიყვარული“ აერთიანებთ.
„ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს „ქოცი“, „რუსი“, „აკაცუკი“, „ნაცის“ ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი გაიმართოს და ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის შვილები, ცოტნე და ბერა ივანიშვილები, სულ უფრო ხშირად და თვალსაჩინოდ ჩნდებიან საჯარო სივრცეში. თუკი წლების განმავლობაში ისინი პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებას ამჯობინებდნენ, ახლა მათი ყოფნა „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობებზე, ახალგაზრდულ კონფერენციებსა თუ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე სისტემატურ ხასიათს იძენს.
2024 წლის 29 აპრილს, ე.წ. „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერ კონტრაქციაზე ცოტნე ივანიშვილმა კანონის ევროპულ ღირებულებებთან თავსებადობას გაუსვა ხაზი:
„მე ვარ საქართველოს პატრიოტი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ჩვენ ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპული ოჯახის. ეს კანონი არის აბსოლუტურად ქართული. სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ეს კანონი რუსულია. ოდითგანვე გამჭვირვალობა იყო ევროპული ღირებულება“.
ცოტნე ივანიშვილი საჯაროდ „ოჯახის სიწმინდის დღის“ ღონისძიებაზე გამოჩნდა 2025 წლის 17 მაისს, სადაც ჟურნალისტებმა მას კვლავ დაუსვეს კითხვები ძალადობასა და პოლიტიკურ პატიმრებზე.
„რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა, ჩემი აზრით. ყველას თავისი აზრი აქვს. დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ... დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ თავად „რიგითი ქართველი ახალგაზრდაა“ და მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა რელევანტურად არ მიაჩნია.

კითხვაზე, უთხრა თუ არა მამამისს, ბიძინა ივანიშვილს, რომ გმობს ახალგაზრდების წინააღმდეგ ქუჩაში გამოჩენილ ძალადობას, მან უპასუხა: „თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის მიმართ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები, დამერწმუნეთ ამაში. ამის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამ ყველაფერს განაპირობებენ შესაბამისი სტრუქტურები“.
