თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე (ბუკა) პეტრიაშვილს, 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს 2025 წლის 17 დეკემბრის აქციაზე, ტროტუარზე პროტესტის დროს „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 4 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 5 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 6 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
პეტრიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევს და მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ დევნად აფასებს:
„არცერთ შემთხვევაში მე თავს სამართალდამრღვევად არ მივიჩნევ, ამ სრულიად უგუნური, არალეგიტიმური კანონის გათვალისწინებითაც კი. სისტემას აქვს სურვილი, დასაჯოს ადამიანი, ვისაც პროტესტის გამოხატვის სურვილი აქვს. არ მინდა იმის თქმა, რომ გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში - ბევრი მაქვს მეც გაკეთებული, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ ჩემი სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აღვიქვამ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა (ციტირებს „ნეტგაზეთი“).
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 17 დეკემბერს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია: „17 დეკემბერს იმ სივრცეში, სადაც ვიყავით, არავითარი დარღვევა არ ყოფილა. არ ყოფილა არავითარი მოწოდება შსს-ს მხრიდან. თუ შსს-ს გეგმა აქვს შესასრულებელი, რომ ადამიანები დასაჯოს და ციხეში გაუშვას, ეს მეორე ამბავია... ეს კანონი სრულიად ანომალიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სწორედ ამგვარი კანონებითაა განპირობებული მოქალაქეების პროტესტი. ჩვენ გვაქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება. იქ მყოფი უამრავი პოლიციელიც კი აფიქსირებდა, რომ მართლსაწინააღმდეგო არაფერი ხდებოდა.“
პეტრიაშვილის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი აბესაძე იცავდა. მისი განმარტებით, ახალი კანონის „რეპრესიულობისა და არაკონსტიტუციურობის გათვალისწინებითაც კი“, პეტრიაშვილს ნორმა არ დაურღვევია.
სხდომაზე ყურადღება მიიპყრო შსს-ს იურისტის, ბუბა ნაჭყებიას რეპლიკამ „ტროტუარის კანონთან“ დაკავშირებით:
„შესაძლოა, მეც გეთანხმებოდეთ [კანონის შეფასებაში] და საკონსტიტუციო სასამართლო ამას კიდეც განიხილავს“, - აღნიშნა ნაჭყებიამ.
მან სასამართლოში აღიარა, რომ მისი პირადი მოსაზრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე აქციებიდან „უკანონო“ არცერთი ყოფილა, თუმცა დასძინა, რომ „კანონი არის ისეთი, როგორიც არის“. მან ასევე განმარტა კანონის ბუნდოვანება:
„კანონმდებელი არ გვიზუსტებს, რა არის ხელშეშლა. მაგალითად, თუ „თავისუფლების მოედნის“ მეტროდან ამოსულმა ადამიანმა დაინახა, რომ პარლამენტთან აქციაა, გადაწყვიტა, რომ იქ ვერ გაივლიდა და კილომეტრით მოუარა, ეს უკვე ხელშეშლად ითვლება“.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კანონი „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 2025 წლის 10 დეკემბერს დაამტკიცა. კანონი ტროტუარზე დგომისთვის პირველ ჯერზე 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
