თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე დამნაშავედ ცნო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მითითებით, მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, მინისტრის ნათესავის ვასილ მხეიძეს დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვისას ხელოვნურად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ, დაუსაბუთებელი წარმოშობის 7 880 786 ლარის შენიღბვის მიზნით, მეუღლესთან ერთად ესპანეთში, მალაგას პროვინციაში, 544 000 ევროდ სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინა.

კვალის დასაფარად ბრალდებულებმა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური გასხვისების ხელშეკრულება გააფორმეს. გარდა ამისა, ყოფილმა მინისტრმა ესპანეთში არსებული ქონება დეკლარაციაში არ ასახა, რითაც 1 593 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ესპანეთში მდებარე ვილა, ასევე თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ფართები.

გიორგი ხაინდრავა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ვასილ მხეიძე დანაშაულში დახმარებისა და უკანონო ქმედებისთვის ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.