დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

დღეიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები - მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი ჯარიმები და მართვის მოწმობის ქულათა კლების სისტემა უფრო გამკაცრდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მანევრირების წესების დარღვევა - ჯარიმა გაიზარდა 100 ლარამდე, მართვის მოწმობას კი 20 ქულა დააკლდება.

სიჩქარის გადაჭარბება - 15 კმ/სთ-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისთვის სანქცია 100 ლარამდე გაიზარდა (ნაცვლად 50 ლარისა).

ღვედის გამოუყენებლობა - მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა, მართვის მოწმობას კი 10 ქულა დააკლდება.

მობილურით სარგებლობა - ავტომობილის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა.

თბილისის მსგავსად, 50-ლარიანი ჯარიმა დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე გავრცელდა შემდეგ ქალაქებსა და კურორტებზე: ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი, ახალციხე და ოზურგეთი.

ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე პარკირება - ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში ჯარიმა 100 ლარია, სხვა მუნიციპალიტეტებში კი - 10 ლარი.

ავტომობილით ტროტუარზე გადაადგილება დაისჯება 200 ლარით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის დაკლებით.

შემოვიდა ახალი ამკრძალავი ნიშანი. სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება/დგომა გამოიწვევს 200-ლარიან ჯარიმას და შესაძლოა ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანას.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში მოძრაობაზე სანქციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

ჩვეულებრივ ზოლში მოძრაობა - 100 ლარი + 15 ქულის დაკლება. განმეორებისას - 150 ლარი და 30 ქულა.

საპირისპირო მიმართულების ზოლში მოძრაობა - 200 ლარი + 20 ქულის დაკლება. განმეორებისას - 300 ლარი და 30 ქულა.

დრიფტი - თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მძღოლი დაჯარიმდება 500 ლარით და მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება.

სატვირთო ავტომობილების შეზღუდვა - თბილისში, საერთო სარგებლობის გზებზე N2 და N3 კატეგორიის სატვირთოების მოძრაობა, რომელთაც დედაქალაქი მხოლოდ ტრანზიტისთვის უნდა გამოეყენებინათ (დანიშნულების ადგილი არ არის თბილისი), გამოიწვევს 500-ლარიან დაჯარიმებას.

მნიშვნელოვანი სიახლეები შეეხო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებსაც (BUS LANE). ახალი რეგულაციებით, სამარშრუტო ზოლში სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, მოქმედ 100-ლარიან ჯარიმასთან ერთად, მძღოლისთვის მართვის მოწმობაზე 15 ქულის დაკლებასაც გამოიწვევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პირი ამავე ქმედებას განმეორებით ჩაიდენს, სანქცია 150 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მართვის მოწმობას ერთბაშად 30 ქულა დააკლდება.

კიდევ უფრო მკაცრდება მიდგომა იმ შემთხვევებში, როდესაც ავტომობილი საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე გადავა, იქ გაჩერდება ან მანქანას დააყენებს. ასეთი დარღვევა 200-ლარიან ჯარიმასა და 20 ქულის დაკლებას ითვალისწინებს, ხოლო განმეორების შემთხვევაში, მძღოლს 300 ლარის გადახდა მოუწევს და მართვის მოწმობაზე 30 ქულა ჩამოეჭრება.

შსს-ს ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 მოქალაქე დაშავდა. ახალი რეგულაციების მიზანი სწორედ ამ ტრაგიკული მაჩვენებლების შემცირებაა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.