ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების ერთი წლისთავს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ.
ნორვეგია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების უფლებების მხარდაჭერას.
უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.
დღეს, 28 ნოემბერს, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უწყვეტი პროევროპული დემონსტრაციები დაიწყო.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა.
„ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი რეპრესიები მოუწყო საკუთარ ხალხს, რომელსაც მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ამოძრავებს:
- 160-მდე მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
- 300-მდე აქციის მონაწილე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი
- 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით
- 1000-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა პოლიტიკური მოტივებით
- 400-მდე შემთხვევაა ჟურნალისტების დაპატიმრების, ცემისა და შევიწროების
მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ ფუნქციონირება“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ერთობლივი განცხადება გაავრცელა 120-ზე მეტმა ყოფილმა ქართველმა დიპლომატმა. ისინი ამბობენ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული საგარეო-პოლიტიკური კურსი სრულიად არის აცდენილი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან, ცივილიზაციურ არჩევანს. დიპლომატები საქართველოს პარტნიორებს და მეგობრებს მიმართავენ, შეინარჩუნონ საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ მათი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა.
