პარლამენტთან დაკავებულ ჟურნალისტებს დაუმორჩილებლობას ედავებიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორს ზურა ვარდიაშვილსა და „ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, რომლებიც 2 მარტს, ღამით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. სამართალდარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2 მარტს, პარლამენტის შენობაში შესული ჟურნალისტები საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე არ შეუშვეს, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.

ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, კომიტეტებს არ განეხილათ აღნიშნული კანონპროექტები, რომელთა მიზანიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება და გაქრობაა, ამისათვის კი ითვალისწინებს მათთვის „უცხოეთის გავლენის აგენტის“ დარქმევას, იძულებით რეგისტრაციას, პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ათობით ათასი ლარით დაჯარიმებას, 5 წლით დაპატიმრებას და ა.შ.

სხდომის დასრულების შემდეგ, გვიან საღამოს, პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოსული ჟურნალისტები შეეცადნენ, გაერკვიათ, რატომ აკავებდა პოლიცია მასობრივად დემონსტრაციის მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც არაფერს აშავებდნენ. ამავე დროს, ჟურნალისტები სკანდირებდნენ - არა რუსულ კანონს; მოღალატე. სწორედ ამ დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის დავალებით დააკავეს ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი.

„ვის ეძახი შენ?“, „გამოათრიეთ“! „დავაი, წაათრიეთ“, - რამდენჯერმე უბრძანა სირაძემ პოლიციელებს ვარდიაშვილის დაკავება. ზურას გვერდით მყოფმა ჟურნალისტებმა სირაძეს იქვე უთხრეს, რომ ჟურნალისტს არაფერი დაუშავებია, არც რაიმე მოთხოვნა ყოფილა პოლიციელების მხრიდან, ის პირდაპირ დააკავეს, მანქანაში მოთავსების დროს კი ფიზიკურად იძალადეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თავდაპირველად თანამშრომლებს უბრძანა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებაც, რის შემდეგაც მასსა და მთივლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ვაჟა სირაძე - ჟურნალისტი რომ ხარ, შეურაცხყოფა უნდა მიაყენო ხალხს? გადი აქედან ეხლა!

გელა მთივლიშვილი - მოღალატე ხარ შენ, მოღალატე!

ვაჟა სირაძე - უზრდელო შენ!

გელა მთივლიშვილი - ვინ არის უზრდელი?

დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლები ჯერ ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს ახალ შენობასთან გადაინაცვლეს.

ვარდიაშვილი და ჯიქურაშვილი დაახლოებით ორ საათში გაათავისუფლეს. ორივე მათგანის წინააღმდეგ დაკავების ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით შეადგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში "საქართველოს ამბებს" განუცხადეს, რომ აქციაზე დაკავებული ყველა პირს წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

„პარლამენტთან ვიყავით, სადაც თან ვმუშაობდით, თან ვაპროტესტებდით „რუსულ კანონპროექტებს“, რომელიც კომიტეტებზე გაიტანეს. პარლამენტიდან გარეთ რომ გამოვედით, ჩემს კოლეგებთან ერთად ვიდექი. ვუყურებდი, როგორ აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ჩვენ ვყვიროდით „არა რუსულ კანონს“, „ეს არის სახელმწიფოს ღალატი“, „რას აკეთებთ, მოღალატეებო“. ამ დროს, ვიღაცამ დამცა ხელი და შემათრია მანქანაში. მგონი, ბრძანება ჰქონდათ, ვინც თვალში არ მოუვიდოდათ, დაეკავებინათ“, - თქვა ზურა ვარდიაშვილმა გათავისუფლების შემდეგ.

„პარლამენტის უკანა მხარეს ვიდექი. პოლიცია მოვიდა ხალხის დასაკავებლად. მასობრივად იჭერდნენ. რატომ აკავებთ მეთქი? თან ვიდეოს ვიღებდი. ერთ-ერთმა პოლიციელმა მიუთითა ჩემზე, ესეც დააკავეთო, მერე მომვარდნენ, ამწიეს - ორ კაცს ხელებით ვეჭირე, ორს ფეხებით და ჩამტენეს მანქანაში. არ აუხსნიათ რატომ დამაკავეს. ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებთ, რადგან პრესის წარმომადგენელი ხარო“, - იხსენებს ბექა ჯიქურაშვილი.

2 მარტს, პარლამენტის შენობასთან სულ 36 ადამიანი დააკავეს - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.