არასამთავრობოები: ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე დავა ანტიკონსტიტუციურია

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკიდურესად საგანგაშოა შემდეგი გარემოებების გამო:

  • კანონი არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს, ან გარემოებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოქალაქე აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“ გამოცხადდეს და პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვას. „ქართული ოცნების“ განცხადებით, დაკავშირებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, არსებობდა ან არსებობს თუ არა ასეთ პირსა და პარტიას შორის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი. ასეთი კრიტერიუმების უქონლობა ნოყიერ ნიადაგს უქმნის „ქართულმა ოცნებას“ ნებისმიერ არასასურველ ოპონენტს პოლიტიკური საქმიანობა თვითნებურად აუკრძალოს.
  • „ქართული ოცნება“ პარტიას და პარტიასთან „დაკავშირებულ“ პირებს პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ ითვალისწინებს რაიმე ვადას, რომლის გასვლის შემდეგ პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა გაუქმდება, ან პირობებს, რომლის აღმოფხვრის შემდეგ პირს შეეძლება აღიდგინოს კონსტიტუციური უფლებები. შესაბამისად, ცვლილებების პაკეტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს და კანონის განჭვრეტადობის და სამართლებრივი სიცხადის საერთაშორისო სტანდარტს.
  • საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური აქტივობების და პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ კომპეტენციაში არ შედის.
  • გაუქმებული პარტიის ყოფილ წევრებს არ მიეცემათ უფლება ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, შექმნან პარტია ან იყვნენ სხვა პარტიის წევრები. კანონი არ მიუთითებს, უკვე აკრძალული პარტიის ყოფილ წევრთაგან სხვა პარტიაში ან პარტიულ სიაში რამდენი პირის ყოფნაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს სხვა პარტიაც აიკრძალოს; ან იქნება თუ არა ამისათვის საკმარისი თუნდაც ერთი ასეთი პირის ყოფნა პარტიაში ან პარტიულ სიაში.
  • „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის მსგავსი პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტიულების მიღებისთვის მხოლოდ 14 დღე მისცა. ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი გონიერ, მიუკერძოებელ და ობიექტურ დამკვირვებელს არ შეიძლება ჰქონდეს.
  • აკრძალული პარტიების ამომრჩევლები არჩევანის გარეშე დარჩებიან. ან არაკონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალური არჩევანის გარეშე დარჩება ასობით ათასი, შესაძლოა, მილიონი ამომრჩეველი, რაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს აზრს დაუკარგავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიული მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას.

„წარმოდგენილი ცვლილებებით შექმნილი მოდელი მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს გააუქმოს მისთვის არასასურველი ოპოზიციური პარტიები და უფლებრივად გაანეიტრალოს მასთან „დაკავშირებულად“ გამოცხადებული ნებისმიერი პირი.

ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება და ამით ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 17 ოქტომბერს, რეგისტრაციიდან 3 დღეში, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი პირს, რომელიც გამოცხადდება აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელება. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებით, აპირებენ კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვონ 10-მდე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან ერთად, მზადდება იმ პირთა სია, რომლებსაც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებად გამოცხადებას უპირებენ და მათი საჯარო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას გეგმავენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.