მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე უარი თქვა და მეორე მოსმენაზე, ერთი ხმით 35-ის წინააღმდეგ ჩააგდო. ერთადერთი დეპუტატი, ვინც კანონის სასარგებლოდ მისცა ხმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კანონპროექტმა სხვადასხვა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და მის ინიციატორებს მადლობა გადაუხადა.
„პირველი - ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც ამ კანონპროექტს აქვს. მეორე - ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ადამიანები, უფრო სწორად, ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის სცენიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის საქმე არ არის, ასევე, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, ეკლესიის გინება, ლბგტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან. ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართულ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტს აქვს, არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ NGO-ების ხელით საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს.
ამისთვის მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც ეს კანონპროექტი დააინიცირა და ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენის დროს. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა გაფორმებული პარლამენტში“, - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნებისთვის“ არის გაფრთხილება, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კანონპროექტი „აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ანიჭებდა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებდა ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს და გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის გასაჩუმებლად. 2022 წელს ადამიანის უფლებთა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული კანონი არღვევს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ გაერთიანების უფლებას. სასამართლომ თქვა, რომ საერთაშორისო ან უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ არის გამართლებული და შეზღუდვები წარმოადგენს ჩარევას მათ ლეგიტიმურ ფუნქციებში.
7-8 მარტს, რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. ორივე აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები მასობრივად გამოიყენა. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 8 მარტის ღამეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევისა და დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და მათ მანქანებს ქვები დაუშინეს. პარლამენტის მიმდებარედ ქუჩებში დააზიანეს და დაწვეს პოლიციის ავტომანქანები, ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ დღეში საპროტესტო აქციების 134 მონაწილე დააკავა.
9 მარტს, დილით, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდა. გუშინ, პარლამენტის შენობასთან მრავალათასიანი საპროტესტო აქცია კიდევ გაიმართა. დემონსტრანტებმა მოითხოვეს, პარლამენტი დაიყოვნებლივ შეკრებილიყო და კანონი ოფიციალურად ჩაეგდო, ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეთავისუფლებინა ყველა დაკავებული. შსს-მ გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 133 პირი გათავისუფლდა, თუმცა მათ საქმეებს სასამართლო განიხილავს.