ყვარელში სერგეი ლავროვის სანქცირებული სიძის ძმა ქორწილს იხდის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კახეთში, სასტუმრო-კომპლექს „ყვარლის ტბის“ შესასვლელთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის სხვა დანაყოფების განსაკუთრებული მობილიზაციაა. მედიაში გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყვარლის ტბაზე“ დღეს ქორწილს იხდის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მოშე ვინოკუროვი. სასტუმროში იმყოფებიან ლავროვის ოჯახის წევრებიც.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, მოახერხა სასტუმროს შენობის შესასვლელთან მისვლა. მას პოლიციის ხელმძღვანელი პირები დაეწივნენ და კომპლექსის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე. რამდენჯერმე მოხდა შელაპარაკება მელიასა და პოლიციის ხელმძღვანელებს შორის, რა დროსაც პოლიციის მაღალჩინოსანმა გიორგი კლიმიაშვილმა მელიას პოლიტიკური გვამი უწოდა.

მოშე ვინოკუროვმა და დიანა ახმადიშინამ სამოქალაქო ქორწინება თბილისში 19 მაისს გააფორმეს, რაც ახალდაქორწინებული წყვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებითაც დასტურდება. ამის შემდეგ ისინი, სტუმრებთან ერთად კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ორ სასტუმროში - ყვარელში მდებარე „ყვარლის ტბაში“ (Kvareli Lake Resort) და გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში Akhasheni Wine Resort & Spa-ში განაწილდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში იმყოფება მოშე ვინოკუროვის ძმა, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი და მისი მეუღლე ეკატერინა ვინოკუროვა (ქალიშვილობის გვარი - ლავროვა).

ვინ არის ალექსანდრ ვინოკუროვი

1982 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ალექსანდრ ვინოკუროვი რუსი ბიზნესმენის, სემიონ ვინოკუროვის შვილი და თავადაც გავლენიანი ბიზნესმენია. 2008 წელს, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილზე, ეკატერინა ლავროვზე იქორწინა. 

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ალექსანდრ ვინოკუროვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, შვეიცარიამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და უკრაინამ. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ალექსანდრ ვინოკუროვი არის რუსი ბიზნესმენი, რომელსაც ბიზნეს ინტერესები აქვს სურსათის საცალო ვაჭრობაში, ფარმაციაში, სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურაში. მას ხელმძღვანელი თანამდებობები უკავია საინვესტიტიცო კომპანია Maraton Group-სა და რუსეთის უდიდეს სურსათის კომპანია Magnit-ში, ასევე, წილებს ფლობს Demetra Holding-ში, რომელიც რუსული მარცვლეულის იმპორტიორი მეორე უმსხვილესი კომპანიაა (მაშინ, როდესაც რუსეთი ხორბლის უდიდესი იმპორტიორია მსოფლიოში). მისი მამაა, სემიონ ვინოკუროვი, რომელიც სახელმწიფო უნიტარული საწარმოს „დედაქალაქის აფთიაქების“ ხელმძღვანელი იყო და მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ მეწარმედ რუსეთის ფარმაცევტულ ინდუსტრიაში. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ალექსანდრ ვინოკუროვს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის მთავრობასთან და ჩართულია ეკონომიკურ სექტორებში, რომლებიც უზრუნველყოფენ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს რუსეთის მთავრობისთვის. 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ალექსანდრ ვინოკუროვი, სხვა 36 ბიზნესმენთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა, რათა დასავლური სანქციების კვალდაკვალ სამოქმედო გეგმა განეხილათ.

„ის ფაქტი, რომ ის ამ შეხვედრაზე იქნა მიწვეული, აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია და მხარს უჭერს ან ახორციელებს მოქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს იმასაც აჩვენებს, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი, რომელიც ჩართულია ეკონომიკურ სექტორებში, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობისთვის. ამას კიდევ უფრო ადასტურებს ვინოკუროვის მჭიდრო პირადი კავშირები საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის აგრესიულ ომზე და პოლიტიკაზე“, - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ალექსანდრ ვინოკუროვს რუსეთის ოლიგარქიის ამომავალ ვარსკვლავად მოიხსენიებს.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის „მნიშვნელოვანი ისტორიების“ (Важные истории) მასალის მიხედვით, ლავროვის სიძეს ისრაელის მოქალაქობა აქვს. ის ისრაელში მშობლებთან ერთად ჯერ კიდევ 1990 წელს რეპატრირდა. ვინოკუროვების ოჯახი ქალაქ ნეთანიაშია ჩაწერილი.

ალექსანდრ ვინოკუროვის ცოლი და სერგეი ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინა ვინოკუროვა სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ავსტრალიის, იაპონიის და უკრაინის მიერ.

სასტუმრო-კომპლექსი „ყვარლის ტბა“

სასტუმრო კომპლექსს „ყვარლის ტბა“, რომელიც 2010 წელს აშენდა, შპს „ყვარელი პალასი“ ფლობს. თავის მხრივ, „ყვარელი პალასის მფლობელია შპს „აგროგანვითარება“, რომლის 37.85% წილს პარლამენტის ყოფილი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ (2008-2012 წლები) არჩილ გეგენავა ფლობს, 23-23% აქვთ გიორგი ჩუბინიშვილსა და ივანე ნიკოლაიშვილს, დანარჩენი 16.15% არჩილ გეგენავას ძმას, ანდრო გეგენავას ეკუთვნის.

საქართველოს არცერთ ოფიციალურ უწყებას ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, იმყოფებიან თუ არა ევრკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული პირები საქართველოს ტერიტორიაზე, ან როგორ შემოვიდნენ ისინი ქვეყანაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.