რატომ ითხოვს ჩეჩნეთი გზას საქართველოსთან
„ეს გზა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ გასასვლელებს მეზობელ ქვეყნებთან - საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ირანთან, რომლებსაც აქვთ განვითარებული სატრანსპორტო კომუნიკაცია საზღვაო და სარკინიგზო გზით. ჩვენი სახელმწიფოს ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ეს საკითხი კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს“, - ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნის საჭიროება ასე განმარტა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, მუსლიმ ხუჩიევმა, 2022 წლის 15 მარტს, გროზნოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჩეჩნეთში საგანგებო ვიზიტით ჩასული რუსეთის უშიროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ესწრებოდა.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების გამო დაწესებული სანქციების შედეგად თითქმის სრულ იზოლაციაშია მოქცეული.
„ანტირუსული სანქციების ზრდის გამო ახალი გამოწვევები ჩნდება. შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაცია მეტყველებს აუცილებლობაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებმა გაძლიერებულად იმუშაონ ახალი შესაძლებლობების მოსაძიებლად, მეზობელ სახელმწიფოებთან ახალი კონტაქტების დასამყარებლად მათი ტერიტორიებიდან ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით“, - ხუჩიევმა თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია აქტიურ სამუშაოებს აწარმოებს თავის ტერიტორიაზე საქართველოში სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის: „2019 წელს, დიდ კონფერენციაზე, ამ საკითხზე პუტინს მიმართეს, რაზეც ვლადიმერ ვლადიმერის ძემ აღნიშნა: „ეს კარგი იდეაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ტრანსპორტის სამინისტროში პრაქტიკული გეგმა არ გვაქვს. მისი განხორციელების მიზანშეწონილობა უთუოდ არსებობს“.
საავტომობილო გზა ითუმ-კალი - სასაზღვრო პოსტი „არღუნი“ - საქართველოს საზღვარი, რომლის სიგრძეც, ხუჩიევის ინფორმაციით 41.2 კილომეტრია, 79 კმ სიგრძის ფედერალური საავტომობილო გზის გროზნო - შატოი - ითუმ-კალის მონაკვეთის გაგრძელებაა:
„აღნიშნული გზა გადის საქართველოსთან საზღვარზე სოფელ შატილის მიმართულებით. გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, მაგრამ შეწყდა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო. დღევანდელ დღეს 41.2 კმ სიგრძის მონაკვეთი მდებარეობს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ზონაში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ამ გზას ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის. მინდა მოგმართოთ, რომ განიხილოთ ეს საკითხი, დაინტერესდეთ, ინვესტიცია ჩადოთ ამ პროექტში. შესაძლოა, ეს გზა იყოს არა მარტო უფასო, არამედ გაკეთდეს ფასიანიც, როგორც ზემო ლარსის ალტერნატივა. მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე განიხილოთ ეს, როგორც პრიორიტეტული, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი და დაავალოთ რუსეთის ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროებს, უშიშროების ფედერალურ სამსახურს, განიხილონ აღნიშნული ინიციატივა“.
პატრუშევმა პირობა დადო, რომ პროექტს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგენს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოსკენ მომავალი გზის გახსნის საჭიროებაზე განცხადება აქამდეც არაერთხელ გაუკეთებიათ.
არსებობს გროზნო - შატოი - ითუმ-კალი - სასაზღვრო პოსტი „არღუნი“ - საქართველოს საზღვრის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებაც.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2021 წლით თარიღდება და რუსეთშია მომზადებული, გროზნო - შატილის გზის მშენებლობა, შესაძლოა, 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდეს და ამავე ვადებში აშენდეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც.
მდინარე არღუნზე ხიდების მშენებლობის ჩათვლით, გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 10 მილიარდი რუბლია (104 მლნ აშშ დოლარი). დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსების გარეშე პროექტის განხორციელება შეუძლებელია. გზის მშენებლობის არგუმენტებად ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაღალმთიან რაიონებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდა, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება, დიასპორებთან კონტაქტის გამყარება და სხვა ცვლილებებია დასახელებული.
2021 წლის ივნისში, ინსტაგრამში პირდაპირი ეთერის დროს, ჩეჩნეთის ხელისუფლების ლიდერმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოში გზის მშენებლობის საკითხი განხილვის დონეზეა: „ითუმ-კალიდან საქართველომდე 40-50 წუთის გზაა. ადრე ჩვენ შორის გზა იყო. თუ ამ გზას გავხსნით, საქართველოს გავლით თურქეთში მოვხვდებით, შემდეგ კი, ევროპაში. ეს ჩრდილოეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვანი გზაა, ასევე, რკინიგზაც. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ“.
გროზნო-შატილის გზის მშენებლობის საკითხი, სამი წლის წინ, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ჩეჩნეთის სოფელ ვედუჩში სამთო-სათხილამურო ბაზის მშენებლობის დაწყებისას. სოფელი ვედუჩი ახლოსაა საქართველოს საზღვართან - ავტომობილით 1 საათის სავალზეა შატილიდან. ვედუჩის გარდა, ამ რაიონშია ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგიური კომპლექსი - ცოი-პედე, ცნობილი როგორც „მკვდარი ქალაქი“ (მრავალი მიწისზედა აკლდამის გამო), XV-XVIII საუკუნეების. ითუმ-კალის რაიონშია ჯარეგო და სხვა ნასოფლარები. აქვეა ტულოი-ლამის მთის (ქართულად - თებულოს მთა) უმაღლესი წერტილი - სიმაღლით 4493 მეტრი, რომელიც მთამსვლელებს იზიდავს.
ჩეჩენი ვლოგერის, მაგომედ მამუშევის ვიდეოში, რომლითაც ის „მკვდარ ქალაქს“ გვაცნობს, კარგად ჩანს ჩეჩნეთიდან საქართველოს საზღვრისკენ - შატილისკენ მომავალი საავტომობილო გზა.
ჩეჩნეთ-საქართველოს გზის მშენებლობის შესახებ ერთ-ერთი პირველი განცხადება კადიროვს 2014 წელს აქვს გაკეთებული: „ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო გზა. ახლა ამაზე მთავრობა მუშაობს“. მისივე სიტყვებით, აქამდე, ამ პროექტის რეალიზაციას ხელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშლიდა.
ჩეჩნეთ-საქართველოს გზის ისტორია
ითუმ-კალიდან შატილის მიმართულებით სამანქანო გზის მშენებლობა ჩეჩნეთის ხელისუფლებამ 1997 წელს დაიწყო. იმ დროისთვის უკვე დასრულებულია რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი (1994-96 ), რომელსაც 100 ათასი მშვიადობიანი მოსახლე ემსხვერპლა, ორჯერ მეტი დაიჭრა, ნახევარი მილიონი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი. 1997 წლის დასაწყისში იჩქერიის მოსახლეობის უმრავლესობამ ქვეყნის პრეზიდენტად ასლან მასხადოვი აირჩია. იმავე წლის ზაფხულში, მასხადოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში ჩეჩნეთის დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უმასპინძლა. მასხადოვი და შევარდნაძე პანკისის ხეობაშიც ჩავიდნენ, სადაც ეთნიკური ქისტები ცხოვრობენ.
ჩეჩნეთს სამივე მხრიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება - ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარე, აღმოსავლეთით დაღესტანი, დასავლეთით ჩრდილოეთ ოსეთი და ინგუშეთი. მხოლოდ სამხრეთით ჰყავს მეზობლად დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველო - შატილთან ერთადერთი საზღვარია, რომელიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ არ იყო.
იჩქერიის მთავრობამ ითუმ-კალიდან შატილამდე სამანქანო გზა ორ წელში გაჭრა და ანატორამდეც მოაღწია (ნასოფლარი შატილთან - არღუნის ხეობისა და ანდაქისწყლის შესართავთან). იმ პერიოდში საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის ფაქტობრივი საზღვარი ალაქოს ხევთან იყო, ჩეჩნებს პატარა პოსტიც იქვე ჰქონდათ მოწყობილი. ანატორიდან ალაქოს ხევამდე, დაახლოებით 1000 ჰექტარს, მათ შორის, ფიჭვნს - შატილის მოსახლეობის საზამთრო სოფელს, საქართველო აკონტროლებდა.
ჯერ კიდევ ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებამდე, თბილისმა, გროზნოს, გზის მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვა. იმ დროს, ჩეჩნეთში კრიმინალური ვითარება უკვე მკვეთრად გაუარესებულია. ამასთან, რუსეთი საქართველოსგან ითხოვდა, ხევსურეთში ერთობლივი კომენდატურა მოეწყოთ. რუსეთის ამ მოთხოვნას იმით ხსნიდა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები არ გადმოსულიყვნენ. იმავე პერიოდში, რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მთავრობისთვის სამი წერილი ჰქონდა გამოგზავნილი, რომლითაც დაღესტანი-საქართველოს (ბეშტა-ახალსოფელი-ყვარელი) გზის მშენებლობაზე თანხმობას ითხოვდა. რუსეთმა ქართული მხარისგან ყველა მოთხოვნაზე უარი მიიღო.
1999 წლის სექტემბერში რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. ჩეჩნეთიდან საქართველოში დაახლოებით 8 ათასი ლტოლვილი შემოვიდა, თითქმის ნახევარი სწორედ არღუნის ხეობაში ახალგაჭრილი სამანქანო გზით.
„უამრავი ხალხი შემოდიოდა, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც თავიანთი მანქანებით ან ფეხით მოდიოდნენ შატილამდე. ხევსურეთში მათ სხვა ტრანსპორტი ხვდებოდათ და აქედან, თბილისისკენ და პანკისისკენ გადაადგილდებოდნენ. მახსოვს, გვიანი შემოდგომა-ზამთრის პერიოდი იყო. მდინარეში წყალიც ცოტა მოდიოდა. არღუნში მანქანები ხიდის გარეშე, პირდაპირ წყალშიც ახერხებდნენ გამოვლას“, - ხევსურეთის მკვიდრი შოთა არაბული იხსენებს, რომ გროზნოდან გამოქცეულ ადამიანებს, რუსეთის შეიარაღებული ძალები გზადაგზა ბომბავდნენ.
მალევე რუსმა სამხედროებმა ფაქტობრივი საზღვარი ალაქოს ხევიდან გადმოწიეს და ანატორიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დადგნენ.
როგორ აღმოჩნდა ფიჭვნი რუსეთის კონტროლქვეშ
87 წლის ყარუა ზვიადაური ფიჭვნის ერთ-ერთი ბოლო მცხოვრებია. ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა შატილში შემოსვლა რომ დაიწყეს, ჯერ კიდევ ფიჭვნში იყო ქმართან ერთად. საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურის შატილის სექტორიდან მესაზღვრეებმა გააფრთხილეს, რომ ცოლ-ქმარს ფიჭვნი დაეტოვებინა და შატილში დაბრუნებულიყვნენ:
„ოთახები, ლოგინი, ფქვილი, თივა მამარაგებული საზამთროდ. რუსები იყვნენ, ბომბავდნენ ქისტებს. ისე საცოდავები იყვნენ ის ქისტები, მადიოდნენ და გომურჩი იძინებდნენ.
ფიჭვნი კარგი ადგილი იყო, ჩვენი და ქისტების საზღვარი. შემადგომაზე მივდიოდით და გაზაფხულ მოვდიოდით, მაისის სამჩი, ოთხჩი, ეგრე. საძოვარი გვქონისე კაცო, საძოვარი იყო და თივას იქ ვამზადებდით. არც ქისტებს ვებრძოდით ჩვენ, სანამ ეს რუსებ არ მოვიდეს. მერე ეგენიც გამწარდეს და ჩვენც.
ალაქოს ეძახდნენ. ქისტებისა იყო ალაქოი. ალაქოს აქეთ ჩვენ იყო ფიჭვნიც, სათიბიც, საძოვარიცა და ხევიც.
ალაქოს იქით პირველი სოფელი ჯარეგოა, აღარვინ ცხოვრობს იქ დიდი ხანია“, - 2000 წლის თებერვლის შემდეგ შატილიონებს ფიჭვნში ფეხი აღარ დაუდგამთ. ბოსლები და საცხოვრებლად აშენებული პატარა სახლები დაინგრა, რუკაზეც ძნელადღა ჩანს.
ზუსტად ფიჭვნს ქვემოთ არის ახლა სასაზღვრო პოსტი „არღუნი“, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარება. რუკაზე კი საქართველო-რუსეთის საზღვარი ფიჭვნს აქეთ, ზედ ანატორის მისადგომებთან (მუცოს გადასხვევთან) გადის. რუსეთის მხარეს დარჩა ხევსურების უძველესი სალოცავიც - ანატორის ხატი.
„მთის ამბებმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიდან წერილობით გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, რომელი წლიდან მოექცა ფიჭვნი რუსეთის კონტროლქვეშ; იმ პერიოდში სად იყო განთავსებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო/სექტორი; რა პირობებში დაიკავეს რუსმა სამხედროებმა ხევსურეთის ეს ნაწილი და სადაც ახლა რუსეთს სასაზღვრო პოსტი აქვს აშენებული, არის თუ არა საქართველოს ტერიტორია.
სასაზღვრო პოლიციამ საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ მას შემდეგ მოგვაწოდა, რაც ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია გვპასუხობს, რომ სოფელი ფიჭვნი (იგივე ფიჭვები) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კარტოგრაფიულ მასალებში არ იძებნება.
„რაც შეეხება საკითხის ისტორიულ კონტექსტს, აღნიშნული სცილდება სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციას. საგუშაგო/სექტორი „შატილი“ განთავსებული იყო სოფელ შატილის მიმდებარედ, ადგილმდებარეობა არ შეუცვლია და ახლაც ფუნქციონირებს“, - ნათქვამია წერილში.
რა მოხდა სინამდვილეში: 1999 წლის 19 მაისს, თბილისში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ექსპერტები ჩამოვიდნენ. სამუშაო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა და 2 დღე გაგრძელდა. 21 მაისს, ორივე მხარის ექსპერტებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის თანახმადაც, ფიჭვნი ტერიტორიულად რუსეთს მიეკუთვნა.
გელა ხუციშვილი საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ 1997-2002 წლებში მუშაობდა. „ექსპერტების ამ შეხვედრას არ ესწრებოდა ცნობილი კარტოგრაფი და კომისიის წევრი ჯანსუღ კეკელია. ველზე არ გასულან, ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც არ არის საბოლოო, მაგრამ მერე, როცა რუსებმა საზღვარი გადმოწიეს, სწორედ ამ ოქმით იხელმძღვანელეს. სინამდვილეში, მიჯნა ფიჭვნს იქით იყო დასმული, მდინარეების არღუნისა და ანდაქის შესართავიდან 1.5 კილომეტრზე. ექსპერტების ასეთმა უპასუხისმგებლო და დაუკვირვებელმა ქმედებამ შექმნა სიტუაცია, რომ 1000 ჰექტრამდე ტერიტოტრია დავკარგეთ. ეს დოკუმენტი ოქმის სახით გაფორმდა და დაეგზავნა სასაზღვრო დეპარტამენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. 1999 წლის 28 დეკემბერს, როდესაც მივლინებით შატილში ჩავედი, მე ვხელმძღვანელობდი ძველი დოკუმენტით, რომელიც მიჯნას 1.5 კილომეტრზე საზღვრავდა. ფიჭვნთან, კობა ჭინჭარაულის სახლთან 7 მესაზღვრის შემადგენლობით, საგუშაგო ჯგუფიც დავაყენე. იქით რუსები იდგნენ, აქეთ ჩვენ. ასეთივე მდგომარეობა იყო სოფელ მუცოს ქედთანაც, იქაც არის პატარა მონაკვეთი.
სამწუხაროდ, გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი სახელმძღვანელო იყო რუსეთისთვის. მათ მოითხოვეს სტატუს-კვოს აღდგენა ამ ოქმის თანახმად, რომელსაც ხელს აწერდნენ ჩვენი ექსპერტებიც. მოგვიანებით, მათ დაიკავეს ეს სიმაღლე, რადგან აქედან გადასასვლელია ასას ხეობაში, არხოტში. ჩვენ დავიწიეთ უკან და დავდექით მდინარე ანდაქისა და არღუნის შესართავთან, კონტროლის საშუალებაც დავკარგეთ.
ქართული მხარე მე მადანაშაულებდა, შენ რომ საგუშაგო არ დაგეყენებინა, რუსები მაქეთ არ ამოვიდოდნენო. ჩვენებმა მოხსნეს ეს საგუშაგო ერთ თვეში. შეიძლება საფრთხე შეექმნასო ჩვენს მესაზღვრეებს იქ რუსების მხრიდან, რადგან ჩვენ იქ უკანონოდ ვდგავართო და საფუძველი იყო ეს ოქმი. ჩვენი მესაზღვრეების გამოყვანის შემდეგ, 2000 წლის მარტში, ტერიტორია რუსებმა დაიკავეს.
ვიდრე მესაზღვრეებს გამოიყვანდნენ, იქ მცხოვრები კობა ჭინჭარაული მძიმე მდგომარეობაში იყო, ავად. მისი ტრანსპორტირება ვერ მოხერხდებოდა და ვერტმფრენი, რომლითაც ხევსურეთიდან თბილისში უნდა წამოვსულიყავი, კობას ბინასთან დავსვი და წამოვიყვანეთ კობა. ჩვენი ვერტმფრენი როცა აფრინდა, რუსები გაფრთხილებული მყავდა, რომ ჰაერში ვიყავით, რამე გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო. ამაზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომ გელა ხუციშვილმა გადააჭარბა თავის უფლება-მოვალეობებს და რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრაო. მერე საქმე შეწყდა, მაგრამ მე ჯერ კადრების განკარგულებაში გადამიყვანეს, მერე კი გამათავისუფლეს“.
არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რის გამოც ქართული მხარის ექსპერტებს ხელი არ უნდა მოეწერათ ოქმზე, რომლითაც ფიჭვნი რუსეთის ფედერაციას მივაკუთვნეთ:
- ხევსურეთში მიწათსარგებლობის - ე.წ. მომთაბარეობის უწყვეტი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. მცირემიწიანობის გამო, შატილის მცხოვრებლები, ვისაც საქონელი ჰყავდა, ზამთარში საცხოვრებლად აცეხში, ფიჭვნსა და მუცოსჭალაში გადადიოდნენ, სადაც ბოსლები ჰქონდათ და გარშემო მდებარე საძოვრებიდან, ზაფხულობით ზამთრისთვის თივას იმარაგებდნენ. არდოტელები ახლაც ასე ცხოვრობენ, ზაფხულში არდოტში არიან, გვიან შემოდგომაზე სამი კილომეტრის იქით, ბახაოში გადადიან, ანდაქისწყლის მარჯვენა მხარეს და საქონელიც იქ მიჰყავთ. საზამთრო სოფელში მაისამდე რჩებიან. ხევსურებს გამოსაზამთრებლად ისეთი ადგილები შეურჩევიათ, ზამთარშიც კი, როცა დღე მოკლეა, მზე სულ დაჰყურებს და თოვლიც მალე დნება. ასეთი ადგილები სამეურნეო საქმიანობისთვის უფრო მოხერხებულია.
- საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ) 1929 წლის დადგენილება, რომლითაც რუსეთ - საქართველოს შორის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთია დადგენილი, მათ შორის, ფიჭვნი და მისი შემოგარენიც. დადგენილებაში მოცემული კოორდინატებით, ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის.
დოკუმენტი საქართველოს არქივებში არ იძებნებოდა. ის ქართული მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდა 1998 წელს, როცა ქართულ-რუსული მხარეები აფხაზეთის სოფელ აიბღას საკითხზე მსჯელობდნენ. აიბღა ორად გაყოფილი სოფელია საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტსა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სოჭის რაიონში. სოფელი მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზე მდებარეობს. რუსულ მხარეს მიაჩნდა, რომ ცაკ-ის აღნიშნული დადგენილება აიბღას საკითხზე დავას რუსეთის სასარგებლოდ წყვეტდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი, კომისიის ყოფილი წევრი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი გვიდასტურებს, რომ ამ დადგენილების გაცნობის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას ფიჭვნთან დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა: „საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოცემული რუკების მიხედვით, ფიჭვნი ექცეოდა რუსეთის ფედერაციის მხარეს, თუმცა, მიწათსარგებლობის მასალების, მათ შორის, მიწათსარგებლობის რუკის მიხედვით, ჩვენს სარგებლობაში იყო. ცაკ-ის 1929 წლის დადგენილების გაცნობის შემდეგ, რომელიც თავის დროზე ვერ იქნა მოძიებული, სამწუხაროდ, არ იყო ჩვენს არქივებში, საქართველომ მიმართა რუსეთის ფედერაციას ფიჭვნთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი კიდევ განხილვის საგანია. ვიდრე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდებოდა და სადელიმიტაციო კომისიები მუშაობდნენ, იმ პერიოდისთვის ეს მონაკვეთი შეთანხმებული არ იყო და ახლაც ასეა“.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძეა 1839 კილომეტრია. აქედან თურქეთთან - 275 კმ, სომხეთთან - 224 კმ, აზერბაიჯანთან - 446 კმ და რუსეთის ფედერაციასთან - 894 კმ. საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია მხოლოდ თურქეთთან გვაქვს დასრულებული.
შატილის გზა
ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის თემის კიდევ ერთხელ წამოწევის შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა: „საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი“.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილიც მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთ-საქართველოს გზის საჭიროება საქართველოს არ აქვს და ის არც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისთვისაა მისაღები:
„რაც მეტად იქნება იზოლირებული ჩეჩნეთი, მით უკეთესი რუსეთისთვის. ასევე ფიქრობენ ის დაღესტნელები და ჩეჩნები, რომლებთანაც მე ბოლო წლებში კონტაქტი მქონია. ისინი ამბობენ, რომ კარგი იქნება გზა საქართველოსთან, მაგრამ რუსეთის მთავრობა ამ გზას არ გაგვაკეთებინებს.
არა მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ამ მთავრობასაც კი, ეს გზა რამეში სჭირდებოდეს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენ ასეულობით მილიონ დოლარს ვხარჯავთ, ლარსის გზის გასაუმჯობესებლად. ქვეშეთი-კობის გვირაბს ვაკეთებთ და ერთ–ერთი უძვირესი პროექტია, რომელიც განხორციელებულა. შესაბამისად, თუ აქ ვხარჯავთ ამდენ ფულს, დაღესტნის პროექტიც და ჩეჩნეთის პროექტიც, პოლიტიკურ ნაწილი რომ გვერდზე გადავდოთ, იქნება უძვირესი და ურთულესი ტექნიკურად. არა მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს ამ გზის გასაკეთებელი ფული, ან პოლიტიკური ნება.
ახლა, ამ ვითარებაში, როცა რუსეთი არის სანქციების ქვეშ და როგორც ჩანს, ვიდრე პუტინი იქნება, სანქციების რეჟიმი არ მოიხსნება. ამ გზას არ დააფინანსებს არც მსოფლიო ბანკი, არცერთი დონორი. საქართველოს მთავრობა, ამ გზას, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ დააფინანსებს, ჩვენ მაგდენი ფული არა გვაქვს. ჩვენი ყველა საგზაო მშენებლობა დაფინანსებულია საერთაშორისო დონორების მიერ, ზოგი გრანტით და უმეტესად სესხით. ამას არავინ დააფინანსებს და ასევე, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში დამატებითი ფულის ჩადება უბრალოდ სიგიჟე იქნება“.
ჟინვალი, საიდანაც შატილის გზა იწყება, თბილისიდან 54 კილომეტრშია. ჟინვალიდან შატილამდე 100 კილომეტრია. წლების განმავლობაში გზა ძალიან დაზიანებული, ვიწრო და გრუნტიანი იყო. ზოგიერთ მონაკვეთზე ორი ავტომობილი ერთმანეთს გვერდსაც ვერ აუვლიდა. თბილისიდან შატილამდე მგზავრობას 5-6 საათი სჭირდებოდა, ახლა გადასვლა 3.5-4 საათშია შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობამ ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2018 წლიდან დაიწყო და 59 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. რეაბილიტაციის ფარგლებში გზა გაგანიერდა, 60 კილომეტრზე დაიგო ასფალტისა და ბეტონის საფარი, აშენდა 17 ახალი ხიდი და ხუთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რამდენიმე ხიდი სიძველის გამო დაზიანებული იყო, თუმცა
ახალაშენებული ხიდების პარამეტრებმა (სიგანე, მზიდუნარიანობა) ხევსურეთის მცხოვრებლებიც კი დააეჭვა, რომ ამ გზის კეთილმოწყობა მხოლოდ მათი და ტურისტების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის არ ხდებოდა.
მითუფრო, იმიტომაც, რომ შატილს იქით, მიღმახევის რამდენიმე სოფელში, სადაც ადამიანები მუდმივად ან 7-8 თვე მაინც ცხოვრობენ, სამანქანო გზა საერთოდ არ აქვთ - ხახაბოსჭალასა და არჭილოში არასდროს ჰქონიათ, ანდაქსა და ხონეში კი წლების წინ მდინარემ წაიღო და ხელისუფლებამ აღარ მიხედა. უგზოდ დარჩენილი ხევსურები პროდუქტს ცხენებითა და ზურგით ეზიდებიან, მდინარეებზე გადებული საფეხმავლო ხიდების გავლით, ნებისმიერ დროს რომ შეიძლება ჩაინგრეს და წყალმა წაგიღოს.
შატილთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა 1970-იან წლებში გაიჭრა და დათვისჯვრის უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2677 მეტრზე. საუღელტეხილო მონაკვეთი სოფელ ხახმატიდან იწყება და ლებაისკარში მთავრდება. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო უღელტეხილი ნოემბრის ბოლოს იკეტება და აპრილის შუა რიცხვებამდე, მაისამდე აღარ ხსნიან. წელიწადში 5 თვე ჩაკეტილია. ზამთარში პირიქითა ხევსურეთში გადასვლა ვერტმფრენით არის შესაძლებელი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ყოველ ორ კვირაში ერთხელ დაფრინავს, მესაზღვრეების შესაცვლელად (როტაციისთვის). ცუდი ამინდის დროს, როცა ღრუბლიანობა, ძლიერი ქარია და ხილვადობა ჭირს, ფრენა არ არის. ასეთ დროს ხევსურეთში ადამიანი ავად რომ გახდეს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდეს, ერთადერთი ექიმი ჰყავთ, მიხეილ ჭინჭარაული, სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე.
პირიქითა ხევსურეთში, შატილის მხარეს, მუდმივად ჯერ კიდევ ცხოვრობენ რამდენიმე სოფელში - 30-მდე ადამიანი შატილში, 9 მუცოში, 2 არდოტში, 1 ანდაქში, 8 ხონეში, 2 ხახაბოში. ზამთარში, 5-6 თვე დანარჩენ საქართველოს რომ მოწყვეტილები არიან, სწორედ ეს არის ხევსურეთის დაცლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
შატილისკენ მიმავალი გზა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო რომ არ ჩაიკეტოს, გამოსავალი დათვისჯვრის უღელტეხილის ქვეშ, ხახმატიდან ლებაისკარამდე 5-6 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრაა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან „მთის ამბებმა“ გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობს თუ არა დათვისჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის პროექტი. პასუხი წერილობით ჯერ არ მიგვიღია, სატელეფონო საუბრისას კი გვითხრეს, რომ გვირაბის პროექტი არ არსებობს.