აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი, 32 წლის დაურ ბუავა, რომელმაც 2022 წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი გუშინ, 27 აგვისტოს აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მეზობლების თქმით, ბლოგერი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იდგა.

„ბოლოს 22 აგვისტოს ვეკონტაქტე. ტელეფონი ჰქონდა დაზიანებული და ამიტომ მომდევნო დღეებში გუშინწინ დავურეკე. ზარი რომ არ გადიოდა, ვიფიქრე, არ გაუკეთებია-მეთქი და გუშინ უკვე ასეთი ამბავი შევიტყვე. დაური და მე ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რომ იქ მუქარები ჩვეულებრივი ამბავია - მეც მემუქრებიან, დაურსაც ემუქრებოდნენ, მაგრამ ეს სოციალურ ქსელებს არ სცდება. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა: მაგალითად, გუშინ ვიხსენებდით ყველაფერს და სასწრაფო გამოიძახა ორჯერ, გულის პრობლემა ჰქონდა. ზოგჯერ ძალიან ნერვიულობდა. ასეთი საქმე სანერვიულოა, რასაც აკეთებდა“, - ამბობს აფხაზი ბლოგერის მეგობარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბლოგერის დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე, ბინის დათვალიერებისას სამართალდამცველებს რაიმე საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

დაურ ბუავა თბილისში 2021 წელს ტყვარჩელიდან გადმოვიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ იმავე წლიდან აქვეყნებდა ვიდეოებს, ქართველებისა და აფხაზების მეგობრობასა და ერთად თანაცხოვრების პერსპექტივებზე.

მისი აქტივობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ცენტრში მოექცა. 2022 წლის 19 მაისს ბუავას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში იგი საუბრობდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში, ავტონომიური სტატუსით არსებობის შესაძლებლობაზე. დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ეს მასალები „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.