ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა - ამომრჩეველთა 86.82%-მა ხმა 70 წლის ალექსანდრ ლუკაშენკოს მისცა. ლუკაშენკო, რომელსაც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც“ უწოდებენ, მეშვიდე ვადით იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 2 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 3 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 4 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 5 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 6 აშშ დაასანქცირებს და განდევნის კრიმინალების (ივანიშვილი და კომპანია) ნათესავებს - უილსონი
არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან რეალურ ოპოზიციას არცერთი წარმოადგენს. ცესკოს მონაცემებით, სერგეი სირანკოვმა ხმების 3.21% მოიპოვა, ოლეგ გაიდუკევიჩმა – 2.02%, ანა კანოპაცკაიამ – 1.86%, ალექსანდრ ხიჟნიაკმა – 1.74%. ყველას წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა თითქმის 4%-მა მისცა. საბოლოო შედეგები 3 თებერვალს გამოცხადდება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში აქტივობამ 85.7% შეადგინა. საზღვარგარეთ არცერთი საარჩევნო უბანი არ ყოფილა გახსნილი.
ხმის მიცემა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც ლუკაშენკომ თითქმის ხუთსაათიანი პრესკონფერენცია გამართა. BBC-ის ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა მარია კოლესნიკოვასა და სერგეი ტიხანოვსკის შესახებ და აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს ოპონენტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ან არ მისცეს ან ისინი ციხეში იმყოფებიან.
„ყველას აქვს არჩევანის უფლება. ეს არის დემოკრატია. ზოგიერთმა აირჩია ციხე, ზოგიერთმა - დევნილობა. ქვეყნიდან ჩვენ არასდროს არავინ გაგვიგდია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
არჩევნებზე არც ეუთოს და არც დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური დამკვირვებლები არ ყოფილან. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეუთოს დამკვირვებლები მიიწვია, თუმცა მათ დაკვირვებაზე უარი თქვეს. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ მიწვევა კენჭისყრამდე მხოლოდ 10 დღით ადრე მიიღეს, რის გამოც სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება ვეღარ მოხერხდა. ამასთან, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნებს 52 ქვეყნიდან 486 უცხოელი და 44 361 ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდებოდა.
ევროპარლამენტი და დასავლეთის ქვეყნები ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს „არჩევანი არ ჰქონდა“, ხოლო ბუნდესტაგში კენჭისყრას ე.წ. არჩევნები უწოდეს, რომელსაც „არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ, კონსტიტუციურ პროცესთან“.
„ფიქტიური არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი, არც სამართლიანი.
დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც ჩატარდება საზოგადოებაში, სადაც ადამიანის უფლებები პრევალირებს, შეზღუდული არ არის შეკრების ან სიტყვის თავისუფლება და სადაც პლურალისტური მედია თავისუფლად მუშაობს. ეს ასე არ არის ბელარუსში“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, არჩევნების აღიარება-არ აღიარება „გემოვნების საკითხია“ და მისთვის სულერთია, ცნობენ თუ არა ევროკავშირში ბელარუსის არჩევნების შედეგებს.