„საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვით 60 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დაინტერესდა, საიდანაც 23 ათასმა პირველადი კონსულტაციის შემდეგ დასაქმებაზე უარი თქვა. ამ დროისთვის 22 ათასი მოქალაქეა დასაქმებული. აქედან, 21 ათასი ვაკანსია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე შექმნილი ვაკანსიებია“, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში ძირითადი აქტივობები სკვერების, გზების, შენობების დალაგება და მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა ექვსი თვის წინ, 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. ბარკალაიას თქმით, პირველ ეტაპზე, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა შესთავაზეს ისეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც სამი ან მეტი შრომისუნარიანი წევრია.
საზოგადოებრივი სამუშაოები მოიაზრებს არააქტიური, შრომისუნარიანი მოქალაქეების ისეთ პროფესიებში დასაქმებას, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებული ტიპის კვალიფიკაციას ან განათლებას.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 664 278 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის თითქმის 18%-ია.
„სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება ნომერ პირველი პრიორიტეტია, გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურად დაუცველთა დაახლოებით 35 % შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომელიც ეკონომიკურად აქტიური არ არის, არ იყო. ეს არ არის იძულებითი პროგრამა, არამედ არის დამატებითი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. პირიქით, წამახალისებელი მექანიზმია ჩადებული, ანუ
დასაქმების შემთხვევაში ოთხწლიანი გარანტირებული ბენეფიტი, არ დასაქმების შემთხვევაში - სოციალურად დაუცველის სტატუსის პერიოდულად გადამოწმება“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 40 მილონი ლარია გამოყოფილი. ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულები თვეში 150 ლარს იღებენ. სრულ განაკვეთზე ყოველთვიური ხელფასი 300 ლარია. პროგრამაში ჩართულ პირებს საარსებო შემწეობაც უნარჩუნდებათ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების „მასშტაბური პროგრამის“ დაწყების შესახებ თებერვალში განაცხადა: „ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000 ადამიანი. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები ყველანი მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას. წელს, შესაძლოა, 100 000-ზეც კი გავიდეთ. ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი. ერთი მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება ეს იყოს 700-800 ლარიც და ამასთან ერთად, 300 ლარი ექნებათ დამატებით სახელმწიფოსგან“.
ოპოზიციის წამომადგენლების განცხადებით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამაში „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივისტებს აფორმებენ, რომლებიც დასაქმების ადგილზე არ ცხადდებიან და ხელფასს იღებენ.
„საქართველოს ამბები“ ამ თემაზე სპეციალურ რეპორტაჟს ამზადებს.