რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ფედერაციის მასშტაბით „სამობილიზაციო ღონისძიებები“ დღეიდან, 21 სექტემბრიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, ნაწილობრივ მობილიზაციას დაახლოებით 300 000 ადამიანი დაექვემდებარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ჩვენი ხალხის და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებლად მიმაჩნია რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარების შესახებ თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინადადების მხარდაჭერა“, - განაცხადა პუტინმა დღეს დილით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც რეზერვში არიან, უპირველეს ყოვლისა კი, ისინი, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდნენ და გამოცდილება აქვთ: „ნაწილებში გაგზავნამდე, ისინი აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით“.
თოთხმეტწუთიან ვიდეომიმართვაში პუტინმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი კიევს უბიძგებენ, სამხედრო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს, რათა რუსეთი განადგურდეს, რასაც მისი სუვერენიტეტის დაკარგვა მოჰყვება. „მათ, ვინც ჩვენს დაშანტაჟებას ბირთვული იარაღით ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ „ქარის ვარდი“ შეიძლება მათი მიმართულებით შებრუნდეს. როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ჩვენ, რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას რუსეთისა და ჩვენი ხალხის დასაცავად. ეს ბლეფი არ არის“, - განაცხადა პუტინმა.
მოძრაობა „ვესნას“ აქტივისტებმა, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდეს, 21 სექტემბერს, 19 საათზე ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში შეიკრიბონ და პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართონ:
„ათასობით რუსი მამაკაცი, ჩვენი მამები, ძმები და ქმრები, ომის ხორცსაკეპში იქნება ჩაყრილი. რისთვის უნდა დაიღუპონ ისინი? რატომ უნდა დაღვარონ ცრემლი დედებმა და შვილებმა? პუტინის სასახლისთვის? ამიერიდან ომი მართლაც ყველას სახლში შემოვა“, - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტი თავის ვიდეომიმართვაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხმა შეძლოს საკუთარი ნების გამოხატვა. იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საკუთარი მომავლის შესახებ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მცხოვრებლების უმრავლესობა მიიღებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ“.
თვითგამოცხადებულ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმების ჩატარება 23-27 სექტემბერს იგეგმება. ე.წ. რეფერენდუმებს ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც უკრაინა და არც საერთაშორისო საზოგადოება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას ახდენს.