რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობისას 5 937 რუსი სამხედრო დაიღუპა. შოიგუმ დაჭრილების რაოდენობა არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ მათი 90 %-ზე მეტი გამოჯანმრთელდა და სამსახურს დაუბრუნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მიმდინარეობს დიდი, რთული საბრძოლო სამუშაოები, რომელსაც ღირსეულად ასრულებენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სამხედრო მოსამსახურეები, სხვა ქვედანაყოფები, მოხალისეები, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობენ. დღეს ჩვენ ვიბრძვით არა იმდენად უკრაინის არმიასთან, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთთან და NATO-სთან. ვაგრძელებთ ჩვენს წინაშე დაყენებული ამოცანების შესრულებას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ მათ შევასრულებთ“, - აღნიშნა შოიგუმ.
სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის სამხედრო დანაკარგებზეც ისაუბრა: „საწყის ეტაპზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაახლოებით 201-202 ათასი ადამიანი წარმოადგენდა. ამ დროის განმავლობაში, მათი დანაკარგი 100 ათასს აღემატება. ამასთან, დაღუპული ჰყავთ 61 207 ადამიანი და დაჭრილი - 49 368. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკარგია, თუ ვსაუბრობთ დაახლოებით 200 ათასიან არმიაზე, ეს ნახევარი არმიაა“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი დღეიდან გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასაც გამოეხმაურა. შოიგუს თქმით, მობილიზაცია შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სამხედრო სამსახურში მსახურობდა, ფლობენ პროფესიას, რომელიც შეიარაღებულ ძალებს სჭირდება და აქვთ ბრძოლის გამოცდილება - საუბარი არ არის სტუდენტებსა და წვევამდელებზე.
„ჩვენ მობილიზაციის უზარმაზარი რესურსი გვაქვს, იმათი რესურსი, ვინც უკვე იმსახურა, აქვს ბრძოლის გამოცდილება, ვისაც სამხედრო სპეციალობა გააჩნია - თითქმის 25 მილიონი ადამიანია. ნაწილობრივი მობილიზაცია საერთო რესურსის 1 %-ს, ცოტა მეტს მოიცავს. თვითონ შეხების ხაზი, რომელსაც შეიძლება ფრონტის ხაზიც ვუწოდოთ, 1000 კილომეტრზე მეტია. ბუნებრივია, რომ მისი გამაგრებაა საჭირო, ამ ტერიტორიების კონტროლირებაა საჭირო და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამისთვის სრულდება ეს სამუშაო - ნაწილობრივ მობილიზაციას ვგულისხმობ. გაწვეული იქნება 300 ათასი რეზერვისტი. ეს არ მოხდება ერთჯერადად, ეს ის სამუშაოა, რომელიც გეგმის მიხედვით ჩატარდება“, - განაცხადა შოიგუმ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული შვიდი თვის განმავლობაში, რუსეთის მხარეს დაახლოებით 55 110 სამხედრო იქნა ლიკვიდირებული. გარდა ამისა, განადგურდა 2 227 რუსული ტანკი და 4 748 ერთეული ჯავშანტექნიკა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ომში უკრაინის დანაკარგების შესახებ კომენტარი პირველად 22 აგვისტოს, ვეტერანთა და მოხალისეთა ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, დაახლოებით 9000 უკრაინელი სამხედრო იყო დაღუპული.