1-ელი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია 5 თეთრით ძვირდება

დავით ნარმანია, სემეკ-ის თავმჯდომარე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფები დააკორექტირა. მიღებული გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან მოსახლეობისთვის გადასახადი კილოვატ-საათზე საშუალოდ 5 თეთრით იზრდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რეგიონებში 3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლებისთვის ტარიფი 27.880-ის ნაცვლად 32.880 თეთრი იქნება (მატება 17.9%). 220/380 ვოლტი ძაბვის მცირე საწარმოების შემთხვევაში გადასახადი 23.3%-ით იმატებს და 28.961-ის ნაცვლად 35.713 თეთრი გახდება.

რეგიონებში იმ აბონენტებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 33.9%-ით მოიმატებს - მათ ერთ კილოვატში 14.731-ის ნაცვლად 19.731 თეთრის გადახდა მოუწევთ.

101–301 კვტ.სთ მოხმარების აბონენტებს ტარიფი 18.707-დან 23.707 თეთრამდე (26.7%) უძვირდებათ, ხოლო 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარებისას ზრდა 21.5%-ს შეადგენს - კილოვატ-საათის ფასი 23.227-დან 28.227 თეთრამდე იზრდება.

დედაქალაქში 3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 19%-ით, 26.647-დან 31.647 თეთრამდე ძვირდება. 220/380 ვოლტი მცირე საწარმოებისთვის კი მატება 18%-იანია - 29.932-დან 35.261 თეთრამდე.

თბილისში მცხოვრებ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე დენს მოიხმარენ, გადასახადი 15.041-დან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ (33%-იანი მატება).

101-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებაზე ტარიფი 19.053-ის ნაცვლად 24.053 თეთრით განისაზღვრა (მატება 31%), ხოლო 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების შემთხვევაში გადასახადი 21%-ით, 23.537-დან 28.537 თეთრამდე გაიზარდა.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის მატების „უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში“. აღნიშნული განმარტება მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა:

„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის - 4-6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით.

ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში.

გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდში, დაკორექტირდა და დამტკიცდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა ძალიან დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა. უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის წყვეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

„თელასის“ არეალში დედაქალში დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა 5 წლის განმავლობაში, შეადგენს 400 მილიონ ლარს, რაც საშუალოდ, წლიურად, 80 მილიონი ლარია. რაც შეეხება „ენერგო პროს“ ქსელს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი. დაკორექტირდა და საშუალოწლიურად, 200 მილიონი ლარია, რაც 5 წლის განმავლობაში შეადგენს 1 მილიარდ ლარს.

გარდა ამისა, „ენერგო პრომ“ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე დამატებით აღნიშნა, რომ 3 წლის განმავლობაში, ის საშუალო წლიურად დამატებით, 43 მილიონ ლარს დახარჯავს, ისე, რომ ამის გათვალისწინებას ტარიფში არ მოითხოვს. შედეგად, რეგიონებში მომხმარებლების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოხმარდება დამატებით, 129 მილიონი ლარი, ისე რომ ტარიფში გათვალისწინებული არ იქნება.

რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების საკითხს, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება“, - განაცხადა ნარმანიამ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.