10 წელში საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-მდე გაიზარდა, თუმცა რეგიონები იცლება

2024 წლის მოსახლეობის აღწერის დაზუსტებული შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3,929,581 ადამიანს შეადგენს. 2014 წლის აღწერასთან შედარებით, ქვეყნის მოსახლეობა 5.8%-ით (215,777 ადამიანი) არის გაზრდილი, თუმცა, მონაცემები აჩვენებს, რომ დადებითი დინამიკა მხოლოდ თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში ფიქსირდება, ყველა დანარჩენი რეგიონი კი მცირდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, დეპოპულაცია ყველაზე მკვეთრად სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოიკვეთა, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა 25,164 ადამიანით (-7.6%) შემცირდა.

კლების ტენდენცია ნარჩუნდება სხვა რეგიონებშიც: იმერეთში მოსახლეობამ 23,165-ით იკლო (ამჟამად 510,741); კახეთში 14,750-ით (ამჟამად 303,833); შიდა ქართლში - 11,646-ით (ამჟამად 251,736), ხოლო გურიაში - 10,942 მცხოვრებით (ამჟამად 102,408).

მცირე პოპულაციის გათვალისწინებით, კლების ტენდენცია განსაკუთრებით საგრძნობია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა 32,089-დან 29,901-მდე შემცირდა. ანალოგიური დინამიკა ვლინდება სამცხე-ჯავახეთშიც - აქ მოსახლეობის მაჩვენებელი 160,504-დან 155,282-მდე ჩამოვიდა.

ბოლო აღწერის მონაცემებით, თბილისში 1,331,485 ადამიანი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ია. ათი წლის განმავლობაში თბილისის მოსახლეობა 20%-ით (222,768 ადამიანი) გაიზარდა - 2014 წელს დედაქალაქს 1,108,717 მცხოვრები ჰყავდა.

მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს კვლავ იმერეთის (510,741) და ქვემო ქართლის (441,630) რეგიონები იკავებენ, რომლებზეც მოსახლეობის 13% და 11% მოდის. თუმცა 2014 წელთან შედარებით, იმერეთში მოსახლეობა დაახლოებით 4%-ით, ანუ 23,165 ადამიანით შემცირდა, ქვემო ქართლში კი პირიქით, 4%-ით (423,986-დან 441,630-მდე) გაიზარდა და იქ 17,644 ადამიანით მეტი ცხოვრობს.

მოსახლეობის ზრდა ფიქსირდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც, სადაც 2014 წელს 333,953 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის ბოლოსთვის კი 402,929. აჭარაში ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 20.6%-ია (68,976 ადამიანი).

საქართველოს მოსახლეობის გენდერული ბალანსი ქალების სასარგებლოდ იხრება: მოსახლეობის 52% (2 048 577) ქალია, ხოლო 48% (1 881 004) - კაცი. ქალების ყველაზე მაღალი წილი (54%) თბილისსა და ქუთაისშია, ხოლო მარნეულში, საგარეჯოში, ხარაგაულსა და აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (ქედა, ხელვაჩაური) ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია და 49%-ს შეადგენს.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ ქალები მკვეთრად ლიდერობენ - 85 წლისა და უფროსი ასაკის ჯგუფში ქალების რაოდენობა 2.6-ჯერ აღემატება კაცებისას.

ქვეყანა სულ უფრო მეტად ხდება ურბანიზებული: მოსახლეობის 62% ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 38% სოფლად.

რაც შეეხება ასაკს, ქვეყნის „ბირთვს“ წარმოადგენს სამი ძირითადი ჯგუფი: 35-39 წელი (7.6%); 10-14 წელი (7.4%); 30-34 წელი (7.2%).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.