დეფიციტურ სპეციალობებში გამოცდაზე დაიშვებიან უმცროსი ექიმები, რომლებსაც რეზიდენტურა არ გაუვლიათ

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ განსაზღვრულ დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, რომლებსაც რეზიდენტურის პროგრამა გავლილი არ აქვთ, მაგრამ გააჩნიათ რეზიდენტურით განსაზღვრული ვადის ხანგრძლივობის სტაჟი, შეეძლებათ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარონ და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება მიიღონ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის, პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა - ისინი დაიშვებიან სასერტიფიკაციო გამოცდაზე“, - „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი კანონი პარლამენტმა 30 ივნისს მიიღო, 31 ივლისს კი მან გამოსცა ბრძანება, რომელიც 18 დეფიციტურ სპეციალობას განსაზღვრავს, არეგულირებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესსა და პირობებს.

„ჩვენს მიერ დამუშავდა მონაცემები, თუ რომელი სპეციალობების მიხედვით არსებობდა ისეთი ვითარება, როდესაც შეინიშნებოდა ექიმების ნაკლებოდა და შესაბამისად, სადაც გამართლებული იქნებოდა ამ მექანიზმის გამოყენება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:

  • ფსიქიატრია
  • რადიაციული ონკოლოგია
  • ბავშვთა გასტროენტეროლოგია
  • პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
  • ბირთვული მედიცინა
  • კარდიოქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
  • ნეფროლოგია
  • გადაუდებელი მედიცინა
  • ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
  • ბავშვთა ინფექციური სნეულებები
  • ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
  • ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
  • პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
  • ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
  • რევმატოლოგია
  • სასამართლო მედიცინა

სარჯველაძის ბრძანების მიხედვით, უმცროს ექიმს 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება არაუმეტეს ერთ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო საქმიანობის მაძიებლის მოწმობა;
  • სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დროისთვის აქვს დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში უმცროს ექიმად მუშაობის არანაკლებ ამ საექიმო სპეციალობის რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადის ხანგრძლივობის სტაჟი შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში.

„მსგავსი მექანიზმი მანამდეც ყოფილა გამოყენებული, თუმცა, ამჟამადაც მსგავსი პრობლემის, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება, რასაკვირველია, ყოველმხრივ გამართლებული გახლავთ. [...] განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებმა, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ-ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც ახალი ნორმები შეეხება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.