20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება – პროკურატურა

ფოტო © ZURAB TSERTSVADZE / AP

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან (ე.წ. გავრილოვის ღამე) დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად დაზარალებულების მონაწილეობით ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და საქართველოს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დარღვეული იყო კონვენციის მე-3 მუხლი, რაც გულისხმობს, სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოიძიოს წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ ბრალდებები.

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინაიდან 20 ივნისი საქმე  სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა, გამოძიება აღსრულების საგანს არ წარმოადგენს.

„ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. საქმე იმაშია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, Tsaava and Others v. Georgia, nos. 13186/20 and 4 others, რომლის „აღსასრულებლადაც“ ტარდება ეს ღონისძიებები, დიდ პალატაშია გასაჩივრებული და არ წარმოადგენს აღსრულების საგანს.

გათვლა იმაზე, რომ ამ საქმეში დიდი პალატაც ცნობს პროცედურულ დარღვევას ნამდვილად საფუძვლიანია, თუმცა ასეთ მონდომებას სულ სხვა მიზანი აქვს. არც პირველი შემთხვევაა, როცა რეჟიმი ევროსასამართლოს პოლიტიკური მიზნებით იყენებს“, - აცხადებს წოწორია.

საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი საქართველოს 26 მოქალაქე იყო. იგი ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევას. მასშტაბური პროტესტი რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას და რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

20-21 ივნისის ღამეს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა სულ 342 ადამიანი დააკავეს. ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში 240 ადამიანი მოხვდა, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. მიღებული დაზიანების გამო, 18 წლის მაკო გომურმა და 31 წლის გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტიც.

საპროტესტო აქციების გამო, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ირაკლი კობახიძე, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა. რაც შეეხება მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, სამ თვეში ის პრემიერ-მინისტრი გახდა და 2021 წლის თებერვლამდე, გადადგომამდე, ამ თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.