ბრიტანული გამოცემა Economist-ის გასული წლის „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 10-დან 4.70 ქულით ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის რჩება და 167 ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა. 2023 წელს საქართველო 89-ე ადგილს იკავებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
გამოცემის ანალიტიკური ჯგუფი ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგს მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, საარჩევნო პროცესებისა და პლურალიზმის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლებების მიხედვით, მაქსიმუმ 10 ქულით აფასებს. ქვეყნები კლასიფიცირდებიან როგორც სრული დემოკრატიები (10 ქულიდან 8 ქულაზე მეტი), ხარვეზიანი დემოკრატიები (10-დან 6-8 ქულა), ჰიბრიდული (10-დან 4-6 ქულა) და ავტორიტარული რეჟიმები (10-დან 4-ზე ნაკლები ქულა).
საქართველომ ყველაზე დაბალი შეფასება, 3.21 ქულა, მთავრობის ფუნქციონირების, ხოლო ყველაზე მაღალი, 5.67 ქულა საარჩევნო პროცესებისა და პლურალიზმის ნაწილში მიიღო. დანარჩენი მაჩვენებლები ასეთია: პოლიტიკური თანამონაწილეობა - 5.56 ქულა, სამოქალაქო თავისუფლებები - 5.29 ქულა, პოლიტიკური კულტურა - 3.75 ქულა.
„2024 წელს რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკაში, თუმცა ირიბად და არა პირდაპირი ინტერვენციის გზით.
2024 წელს საქართველოს აქვს ყველაზე მკვეთრი გაუარესება რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით: მისი ინდექსის ქულა 2023 წლის 5.20-დან 4.70-მდე დაეცა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკამათო კანონპროექტის მიღებას დიდი პროტესტი მოჰყვა.
ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები გახდა შეჯიბრი რუსეთის და ევროკავშირის მიმართულებებს შორის. თავად კენჭისყრა ხასიათდებოდა დარღვევებით, მათ შორის ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლით, ხმების მოსყიდვისა და ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებებით. ოპოზიციამ გამოთქვა შეშფოთება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გავლენის შესახებ იმ ორგანოებზე, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო ზედამხედველობა. არჩევნებში მოქმედმა მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და წელი ქუჩაში დიდი საპროტესტო აქციებით დასრულდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მე-20 ადგილზეა და ჩამორჩება სომხეთს, უკრაინასა და მოლდოვას.
2024 წელს გლობალურმა დემოკრატიის ინდექსმა 5.17 ქულა შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ანგარიშის მიხედვით, 2008-დან 2024 წლამდე პერიოდში, როგორც საარჩევნო პროცესები, ასევე პლურალიზმი და სამოქალაქო თავისუფლებები გაუარესდა.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 6.6% ცხოვრობს სრული დემოკრატიის პირობებში, რაც 2023 წლის 7.8%-თან შედარებით ნაკლებია. ამის საპირისპიროდ, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ავტორიტარული რეჟიმები მსოფლიოს მოსახლეობის 39.2%-ს მართავენ. ავტორიტარულ რეჟიმებს შორისაა ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა, მიანმარი და სირია.
ყველაზე მეტი სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანა დასავლეთ ევროპაშია დასახელებული, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, „ხარვეზიან დემოკრატიად“ ფასდება.
