2024 წელს, სამტრედიაში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ინციდენტიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ განახლდა. საგამოძიებო მოქმედებების გააქტიურება ემთხვევა პერიოდს, როდესაც სასამართლომ მელიას მიმართ კიდევ ერთი განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმა 2024 წლის 11-12 აგვისტოს მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ამ დროს მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მიიჭრა და თავის არეში მუშტი დაარტყა.
თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით დაიწყო, თუმცა ორი წლის შემდეგ პროკურატურამ საქმე 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა. აღნიშნული მუხლი საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს და სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, დაახლოებით ორი კვირის წინ, ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებაში მოწმის სტატუსით გამოიკითხა ისე, რომ მის ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს ინციდენტის თვითმხილველები, მათ შორის მისი დაცვის წევრები და პარტიის წარმომადგენელი ცოტნე მირცხულავა. მიუხედავად ამისა, ნიკა მელია ამ საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად დღემდე ცნობილი არ არის.
ნიკა მელიას ადვოკატები, ბექა კვინიკაძე და გიორგი კონდახაშვილი, გამოძიების დაგვიანებას კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ე.წ. „მოჩვენებითი ბალანსის“ შექმნას ცდილობს.
„მართლმსაჯულება ხორციელდება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე... რა თქმა უნდა, ეს არის ფარსი, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა“, - აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.
ბექა კვინიკაძის თქმით, თავდამსხმელი თავიდანვე იდენტიფიცირებული იყო და მან დანაშაული აღიარა კიდეც:
„გამომძიებელმა დამიდასტურა, რომ 2024 წლის 13 აგვისტოსვე გვყავდა მოყვანილი, გამოვკითხეთ და აღიარაო. ისიც აღიარა, რომ პოლიტიკური ნიშნით დავესხი ნიკა მელიას თავსო...“
ნიკა მელია ერთ წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის. 2025 წლის 26 ნოემბერს მას 1.5 წელი მიესაჯა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე, ხოლო მანამდე, ივნისში გამოტანილი განაჩენით - 8 თვე თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
ორ დღეში, 6 აგვისტოს, 13:00 საათზე, სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის საქმეზე. მელიას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა), რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პატიმრობაში ყოფნისას ნიკა მელიას ბრალი კიდევ ერთ - „საბოტაჟის საქმეზე“ წარუდგინეს. გამოძიების ვერსიით, მელია, სხვა ბრალდებულ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს „რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
