პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ძალადობის ფაქტზე ბრალდება სამ პირს წარუდგინა. საქმე ეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ახალის“ ლიდერზე, ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას და საპასუხო რეაქციას, რომელიც მას მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ინციდენტი „ახალის“ სამტრედიის რაიონული ოფისის გახსნისას მოხდა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას და თავის არეში დაარტყა. საპასუხოდ, მელიას თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ ფიზიკურად იძალადეს ნიკოლეიშვილზე, რის შედეგადაც მან მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
სამივე პირს ბრალი ინციდენტიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. აღნიშნული მუხლი წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულებისვის პატიმრობას არ მოითხოვს და გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
„ორი წელია გასული ამ ამბიდან და ორი დამამძიმებელი გარემოება იყო სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ. ერთი იყო საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და მეორე, თავდასხმა. ორი წლის განმავლობაში არცერთი არ გამოუძიებიათ და ახლა ამ მუხლს ჩვენ გვიყენებენ. აქ შერჩევითი სამართალია“, - აცხადებს ოპოზიციური პარტიის წევრი და ბრალდებული ცოტნე მირცხულავა, რომელიც მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი ქმედება მხოლოდ თავდამსხმელის შეჩერების მცდელობა იყო.
თავად ნიკა მელია უკვე ერთ წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას სასამართლომ რიგით მესამე გამამტყუნებელი განაჩენი 6 აგვისტოს გამოუტანა.
მოსამართლე ნინო ელიეშვილის განაჩენით, პოლიტიკოსს „სასამართლოს უპატივცემულობისთვის“ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გამოყენების შედეგად, მელიას პატიმრობის საერთო ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება, არ გაზრდილა. ამასთანავე, ნიკა მელია ბრალდებულია ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც, რამაც დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა მისი პატიმრობის ვადა კიდევ უფრო გაზარდოს.
