„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოსახლეობას კიდევ ერთხელ ჰპირდება, რომ 2029 წლისთვის ქვეყანაში სიღარიბეს სრულად დაძლევს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მხოლოდ გასულ წელს სიღარიბე 90 ათასმა ადამიანმა დაძლია, რაც, მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას ადასტურებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
„ქართული ოცნების“ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ ოპონენტების კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ციფრები ობიექტური რეალობის საუკეთესო მაჩვენებელია:
„ციფრები არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ისინი თავისთავად მეტყველებენ ყველაფერზე. თუმცა, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 7:1-ია, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს“.
კობახიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიან პროგნოზზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, კობახიძის თქმით, 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. მისივე თქმით, ეს პროგნოზი ქვეყნის ბოლო 5 წლის ტენდენციებს ეფუძნება.
კობახიძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მოსახლეობაზე ასახვის საუკეთესო ინდიკატორი საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებელია. გასულ წელს საშემოსავლო გადასახადმა 8 მილიარდ 261 მილიონი ლარი შეადგინა - „საშემოსავლო გადასახადს დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა თითქმის სრული სპექტრი იხდის“.
მან ასევე ხაზი გაუსვა საშუალო ხელფასის ზრდას - 2024 წელს საშუალო ხელფასი 1 971 ლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს 2 283 ლარამდე გაიზარდა, რაც ერთი წლის განმავლობაში 312-ლარიან მატებას ნიშნავს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მონაცემებით, 2024 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 9.4% იყო, ხოლო 2025 წელს ის 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა. კობახიძემ თქვა, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა კვლავ 280 ათასი ადამიანი რჩება, რასაც „ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევას“ უწოდებს.
„ვიდრე საქართველოში თუნდაც 280 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ზრდისთვის, სიღარიბის შემდგომი შემცირებისა და საბოლოო განულებისთვის. იმ ტემპით, რომელიც გვაქვს აღებული, სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულ მოქალაქეთა რიცხვი კვლავ მაღალია. 2025 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 704 713 ადამიანი იღებდა. ამ მოქალაქეთაგან 240 381 პირი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რაც მათთვის სოციალური დახმარების მიღების უფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. რჩებოდა 464 332 ადამიანი, რომელიც გადარჩენისთვის კვლავ სახელმწიფო სოციალურ დახმარებას საჭიროებდა.
ამ ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება დაიწყო. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 1-ელი ივნისის მდგომარეობით, გადამოწმებული 40 225 ოჯახიდან 22 707-ს დახმარება შეუწყდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 54.7 მილიონი ლარი დაზოგა.
