სინდისის პატიმრების ოჯახები: 28 ნოემბერს დაგვიდექით გვერდში, რომ შევძლოთ მათი გათავისუფლება

ფოტო © მარიამ ნიკურაძე / Facebook

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ხვალ, 28 ნოემბერს, შეუერთდნენ უწყვეტი პროტესტის ერთი წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ აქცია-მსვლელობას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, 28 ნოემბერი „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ბნელი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში“.

„ამ დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების თვითმარქვია პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო წყვეტს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან 2028 წლამდე. ამას მოჰყვა საერთო სახალხო მღელვარება, გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში, სახალხო აჯანყება ფაქტობრივად შედგა, მაგრამ ამ სიტუაციას დაუპირისპირდა ხელისუფლება თავისი დარბევებით, დაპატიმრებებით, რეპრესიებით, ადამიანების სისტემური წამებით.

მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვდგავართ ქუჩაში და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ჩვენი შვილების, სინდისის პატიმრების თავისუფლებისათვის.

მოგიწოდებთ ყველას, 2025 წლის 28 ნოემბერს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, რომ შემდგომ პროტესტით და მარშით გავემართოთ რუსთაველის გამზირისაკენ.

ძალიან გთხოვთ, მთელ საზოგადოებას, მთელ საქართველოს მოგიწოდებთ, ჩვენ ვართ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და გვინდა დაგვიდგეთ გვერდში იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოში არსებული უამრავი პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური ტყვის გათავისუფლება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.

ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ გამარჯვებას, ვიდრე არ იქნება შეუქცევადი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვიდრე არ იქნება გარანტირებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო აქციები, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა, დღემდე გრძელდება.

უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. დემონსტრანტები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

საპროტესტო აქციის მოთხოვნაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლდება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნას სამოქალაქო ორგანიზაციების, სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფის, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები უერთდებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.