283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერიერის დიზაინერს, 41 წლის რატი რატიანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურის მტკიცებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ

ბრალდებულმა მიწის სიღრმეში სპეციალურად მოწყობილ სარდაფის ტიპის შენობაში, რეალიზაციის მიზნით, 283 ქოთანში კანაფის შემცველი 16 434.71 გრამის მცენარე უკანონოდ დათესა და მოიყვანა. გარდა ამისა, ის უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7 406.22 გრამ გამომშრალ მარიხუანას.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 7 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

რატი რატიანი „მის საქართველო 2012“-ის, მოდელ თამთა შედანიას მეუღლეა.

„საქართველოს ამბების“ მიერ გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ნარკოტიკულ დანაშაულებთან (სსკ-ის 260-274-ე მუხლები) დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა მკვეთრ ზრდას აჩვენებს: 2025 წელს დევნა 8 696 პირის მიმართ დაიწყო, 2026 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 5 702 პირს შეადგენს.

გენერალურმა პროკურატურამ „საქართველოს ამბებს“ არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია, ბრალდებულთაგან რამდენ პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.