29%-იანი ზრდა ერთ წელში - ციხეებში 12 344 პატიმარია, ლიმიტზე მეტი

2026 წლის ივნისის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში სულ 12 344 პატიმარი იმყოფებოდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 9 534-ს შეადგენდა. შესაბამისად, პატიმართა რაოდენობა ერთ წელში დაახლოებით 29.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით ზრდამ 43.67% შეადგინა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქსტატის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული 12 344 ადამიანიდან: 2 810 (22.8%) იყო ბრალდებული; 9 534 (77.2%) - მსჯავრდებული.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში არსებული საპატიმრო ადგილების საერთო ლიმიტირებული რაოდენობა 12 332-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ივნისის მდგომარეობით ციხეებში პატიმართა ფაქტობრივი რაოდენობა (12 344) დადგენილ ჯამურ ლიმიტს 12 პირით აღემატებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამური გადაჭარბება მცირეა, ცალკეულ დაწესებულებებში ლიმიტის გადაჭარბების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია:

N15 დაწესებულება (ქსანი): ლიმიტი - 1 388 პირი | რეალური რაოდენობა - 2 176 პატიმარი (ლიმიტზე 788-ით მეტი).

N8 დაწესებულება (გლდანი): ლიმიტი - 2 426 ადგილი | რეალური რაოდენობა - 3 222 პატიმარი (ლიმიტზე 796-ით მეტი).

N2 დაწესებულება (ქუთაისი): ლიმიტი - 1 068 პირი | რეალური რაოდენობა - 1 432 პატიმარი (ლიმიტზე 364-ით მეტი).

სისტემაში ამჟამად 74 ქვეყნის 1 830 უცხოელი მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი იმყოფება. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფებია: თურქეთი - 504 პირი; რუსეთი - 216 პირი; უკრაინა - 210 პირი; აზერბაიჯანი - 193 პირი.

ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ივნისის განმავლობაში სისტემაში სულ 7 499 დაავადება გამოვლინდა. გავრცელების (პრევალენტობის) მიხედვით პირველ ადგილზეა: ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 1 455 შემთხვევა; სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები - 1 137 შემთხვევა. საყურადღებოა, რომ ივნისში პატიმართა გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირებისგან უნდა გაიმიჯნონ არაპატიმარი მსჯავრდებულები: პრობაციის სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ სულ 26 596 პირი იმყოფება, რომლებიც საპატიმროებში არ არიან განთავსებულნი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.