4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 13 პირი დააკავეს

პოლიციამ 4 ოქტომბერს თბილისში ანვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 13 პირი დააკავა, 2-ის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით კი სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, დაკავებულები არიან - თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..

დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით არის აღძრული, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღევანდელი ბრიფინგიდან გაირკვა, რომ სამეგრელოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, რომელიც 4 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თავისუფალია. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ამავე ბრალდებით დაკავებული ჰყავთ 1978 წელს დაბადებული ს.ფ..

„სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ­– დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ემუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

5 ოქტომბერს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა. მათ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლა, სადაც დემონსტრანტებმა სასახლის ღობე გაარღვიეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.