4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს კიდევ 8 პირი დააკავეს, 4-ს კი ეძებენ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დარახველიძის თქმით, „აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

„სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ. და ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, „დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, გამოძიება გრძელდება.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს:

  • 317-ე მუხლი – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება
  • 222-ე მუხლი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება
  • 225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
  • 187-ე მუხლი – ნივთის დაზიანება ან განადგურება

სასამართლომ დაკავებულთა ნაწილს, მათ შორის, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს - წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.