თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 დემონსტრანტს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე დამნაშავედ ცნო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ გადაწყვეტილების მოტივები განმარტა და აღნიშნა, რომ ბრალდებულების მტკიცება, თითქოს 4 ოქტომბერს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უსაფუძვლოა.
„პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და არავის აქვს უფლება, საშვის გარეშე მის ეზოში გადაინაცვლოს. ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ შესვლის უფლება არავის ჰქონდა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
საქმის ამ ეპიზოდში თავდაპირველად 14 პირი ფიგურირებდა. მათგან 6-მა, ხვიჩა გოგოხიამ, გიორგი ქორქიამ, ლევან ჯიქიამ, გიორგი რურუამ, ლაშა ივანაძემ და სერგო მეგრელიშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და 10 ივნისს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
დღევანდელ სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა ზურაბ ჭავჭანიძემ, იგივე „ბათუმელმა მედროშემ“, რომელმაც პატიმრობისას პროტესტის ნიშნად 105 დღე იშიმშილა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და თავისუფლება მისთვის ფასეულია, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ შუამდგომლობა დაგვიანებული იყო.
მოსამართლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა დაცვის მხარემ.
„ამაზრზენია ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მოსამართლის განცხადება, რომ ვისაც საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერა უნდოდა, მოაწერა და სახლში ზის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას განაჩენი წინასწარ ჰქონდა გამოტანილი. მას აღიზიანებს ის, რომ ბრალდებულები არ აწერენ ხელს იმას, რაც არ ჩაუდენიათ“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლის განმარტებები სამართლებრივ შეფასებას არ ჰგავდა და პოლიტიკოსის რიტორიკას წააგავდა.
2025 წლის 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით აქცია გამართა. მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა, სადაც ჯებირების საეჭვო ვითარებაში გადავარდნას სპეცრაზმთან დაპირისპირება მოჰყვა. გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლებით დაიწყო. „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22-ს გაუფორმდა.
7 მაისს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს - ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიასა და თორნიკე მჭედლიშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 19 ივნისს კი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამატებით 7 პირს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას და ია დარახველიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
