6 მოთხოვნა სამართლიანი არჩევნებისთვის: ოპოზიციის ალიანსის პირობები

9 პარტიისგან შემდგარმა „ოპოზიციის ალიანსმა“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა წარადგინა, რომელთა შორისაა საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნება, საარჩევნო დავების განმხილველი დამოუკიდებელი კოლეგიების შექმნა და ამომრჩეველთა სიების გასაჯაროება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოპოზიცია ფუნდამენტურ წინაპირობად მიიჩნევს  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას და იმ რეპრესიული კანონების გაუქმებას, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ალიანსის წარმომადგენლებმა დღეს, 15 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია შესრულდეს 6 ძირითადი მოთხოვნა:

  1. საარჩევნო ადმინისტრაციის სრული ცვლილება: კომისია უნდა დაფუძნდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე და დაკომპლექტდეს 2020 და 2024 წლების არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების თითო წარმომადგენლით (მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს, მაჩვენებელი პირობითად არის აღებული).
  2. ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნების ადეკვატური რაოდენობა ემიგრანტების რიცხვის შესაბამისად.
  3. სანდო ტექნოლოგიების დანერგვა: ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის გასამკაცრებლად აუცილებელია სახის ამომცნობი აპარატების დამატება.
  4. საერთაშორისო აუდიტი: საარჩევნო პროცესის, კენჭისყრის დღისა და აპარატების შესამოწმებლად აუცილებელია სანდო, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მოწვევა.
  5. საარჩევნო სიების გასაჯაროება: სიები უნდა გაიხსნას და ამომრჩეველთა მონაწილეობა გახდეს საჯარო.
  6. სპეციალური სასამართლო კოლეგიების შექმნა: საარჩევნო დავები უნდა განიხილოს სპეციალურად შექმნილმა კოლეგიამ, რომლის წევრებიც საერთო შეთანხმების საფუძველზე შეირჩევიან.

ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს, მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება.

მისი მტკიცებით, არსებული სისტემა „აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“.

2025 წლის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება, რის შედეგადაც არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩატარდება. ხელისუფლებამ ამის მთავარ არგუმენტად „უცხოური გავლენების თავიდან აცილება“ დაასახელა. ოპონენტების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილების რეალური მიზანი ვიწროპარტიული ინტერესები და ემიგრანტების კრიტიკული ხმების განეიტრალებაა. ახალი წესი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეების სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის პარალელურად, „ქართული ოცნება“ ოთხი პოლიტიკური სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ახალის“, „ლელოსა“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.

ამას ემატება პარტიების დაფინანსების მკაცრი შეზღუდვები. ახალი კანონმდებლობით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სრულად აეკრძალათ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პარტიის ხელმძღვანელს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის დარღვევა ითვალისწინებს მძიმე სანქციებს: ფულად ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას (300-დან 500 საათამდე), ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.