8 ევროპული რეკომენდაცია, რომელთა შეუსრულებლობას შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოჰყვეს

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს. წერილით მოთხოვნილია „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაცია, ხოლო თუ რეკომედაციები შესრულებული არ არის, შესაბამისი ზომების მიღება ყველა მათგანის შესასრულებლად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ევროკომისიამ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ მეშვიდე ანგარიში 2024 წლის 6 დეკემბერს მიიღო. ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ბეატე გმინდერი აღნიშნავს, რომ ანგარიშში ევროკომისია ხაზს უსვამდა საქართველოს მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევას, რაც შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

„შესაბამისად, კომისიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია. ისინი მოიცავს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი LGBTIQ პირების უფლებები. განსაკუთრებული რეკომენდაცია ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის ცვლილებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციურობას.

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, 12-მა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან“, - ვკითხულობთ წერილში.

გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ევროკომისია რეკომენდაციების შესრულების დონეს ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში განიხილავს. შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების მუდმივი შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიამ, შესაძლოა მიიღოს შესაბამისი ზომები გადახედილი „სავიზო რეგულაციის“ მე-8 მუხლის საფუძველზე, კერძოდ, გააქტიუროს ვიზის შეჩერების მექანიზმი.

„გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. ვადასტურებ, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოსთან მყარი და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის ერთგული. პატივისცემით, ბეატე გმინდერი“, - ნათქვამია წერილში.

წერილს თან ერთვის „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ მეშვიდე ანგარიშში მოცემული 8 რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მიემართება:

  • უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
  • თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.
  • შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ.
  • გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.
  • შექმნას აქტივების დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის კუთხით.
  • მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.
  • შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.
  • შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, გუშინ, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს 8 რეკომენდაციის შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. კალასის თქმით, ევროკავშირი აქამდე ინარჩუნებს პოზიციას, რომ არ სურს ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება, უვიზო რეჟიმის წართმევა კი ნამდვილად მოახდენს გავლენას საქართველოს მოქალაქეებზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.