აბასთუმნის თავზე ჩაკეტილი ცა - სამინისტრო მეცნიერებაზე მიუთითებს, ოპოზიცია ივანიშვილზე

აბასთუმნის თავზე საჰაერო სივრცის დაკეტვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება და გავრცელებულ ინფორმაციას „განზრახ შეცდომაში შემყვანსა და გადაუმოწმებელს“ უწოდებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამინისტროს განმარტებით, სანავიგაციო მონაცემების განახლების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლეს და სრულად შეესაბამება საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას. უწყება ხაზს უსვამს, რომ ინიციატივა თავად აბასთუმნის ობსერვატორიას ეკუთვნის.

ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა. მათ კვალიფიციურად დაასაბუთეს, თუ რატომ მოქმედებს უარყოფითად დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი ასტროკლიმატსა და დაკვირვებების ხარისხზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტრო აზუსტებს, რომ შეზღუდვა არ ნიშნავს საჰაერო ტრასების გაუქმებას. ის ეხება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით (IFR) შესრულებულ რეისებს, სადაც საკონდენსაციო კვალი წარმოიქმნება. დაბალ სიმაღლეზე ვიზუალური ფრენები (VFR) კვლავინდებურად დაშვებულია.

ამ პოზიციას იზიარებს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილიც. მისი თქმით, ხდება მხოლოდ ნაკადების გადამისამართება, რაც საერთო სურათს არ ცვლის და გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე.

ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილებას აბასთუმნის, როგორც უნიკალური კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტის მდგრადი განვითარების ინტერესებითაც ხსნის. უწყების თქმით, თანამედროვე ტურიზმი მოითხოვს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსა და ბუნებრივ სიმშვიდეს. აბასთუმანში გადაცხოვრდა„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პროტესტი ქვეყნის ეკონომიკური დაზიანების მცდელობაა.

„რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური თემების არსენალი ამოეწურა. ახლა ცდილობენ, რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ. არ ჩივიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ავიაკომპანიები, პილოტები და რატომღაც რადიკალური ოპოზიცია ჩივის,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერმა კახა კალაძემაც თქვა, რომ გადაწყვეტილება მეცნიერების ოფიციალური მიმართვის საფუძველზე იქნა მიღებული. მან ასევე ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის წვლილს კურორტის აღდგენაში: „აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა... რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?“

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი მომხდარს „კარიკატურულ დიქტატურას“ ადარებს.

„თავისი სახლის თავზე ცას კეტავდა კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა ოდიოზური დიქტატორები. ივანიშვილიც ასეთი კაცია - ახირებული ბერიკაცი თავისი შიშებით. სამარცხვინოა საერთაშორისო თვალსაზრისით, მაგისტრალური გზები ასე არ იგეგმება, რომ ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილის სახლს შემოუფრინოს.

უბრალოდ წავა ყველა ის მაგისტრალი და სხვა ქვეყანაზე გაივლის,“ - აცხადებს დათუნაშვილი.

16 აპრილს ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მთავრობის №52 დადგენილება, რომლითაც აბასთუმნის თავზე საჰაერო სივრცე საერთაშორისო ფრენებისთვის ოფიციალურად დაიკეტა. შეზღუდვა უპრეცედენტოა - ის ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე (GND-UNL) და დაახლოებით 2000 კვ.კმ-ს მოიცავს.

ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საავიაციო რუკაზე გაჩნდა ახალი აკრძალული ზონა - „აბასთუმანი-2“ (UGR-58). მისი დიამეტრი 52 კილომეტრია და თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან ქვეყნის სიღრმეში 45 კმ-ზე იჭიმება. აკრძალული ზონა ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს. ზონაში შესვლა აეკრძალათ საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო ლაინერებს (Lufthansa, Turkish Airlines, Emirates და სხვები).

ფრენა ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო ბორტებისთვის და იმ ვერტმფრენებისთვის, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში ეშვებიან. აღსანიშნავია, რომ კურორტზე ვერტმფრენის ერთადერთ მოედანს ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.