ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 10:00 საათისთვის 275 948 ამომრჩეველი იყო მისული. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7.85%-ია. ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 10 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 9.27% იყო, ხოლო ბოლო, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე - 7.41%.
დღეს, 4 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებს მართავს. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
მოქალაქეები ირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.
ცესკოს ინფორმაციით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
„წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი. აქვე, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი მოწმობა ან პასპორტი.
ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება. რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო 777 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“. ისინი ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს პროდასავლური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“ და „ანა დოლიძე - ხალხისთვის“.
არჩევნებს არ აკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) და გამოცდილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“. 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, არჩევნებს ვერ აკვირდება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“.
არჩევნების პარალელურად, 16:00 საათზე, თბილისში, საპროტესტო აქციის გამართვაა დაგეგმილი.
