ადვოკატების განცხადებით, შს მინისტრმა გოგაშვილს ციხეში დაურეკა და დაემუქრა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ გოგაშვილს, ციხეში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„28 ივლისს, იოსებ გოგაშვილი გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულების სააბაზანო ოთახში, მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და იოსებ გოგაშვილს ეპასუხა. რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა უპასუხა. მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი მათ შორის იყო საკმაოდ დაძაბული.

იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა თუ რა შეიძლება დამართნოდა როგორც მას, ასევე, მის ოჯახს, ახლობლებს და ა.შ.

იოსებ გოგაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის საუბარი, იგივე წესით, შედგა მეორე დღესაც. მეორე დღეს მოთხოვნა იყო გაჩუმებულიყვნენ იოსებ გოგაშვილი და მისი ოჯახის წევრები. იოსებ გოგაშვილთან ორჯერ მოხდა ოჯახის წევრების შეხვედრა და დალაპარაკება. ეს იმ პირობებში, როცა ოფიციალურად დადგენილებაა გამოტანილი და იოსებ გოგაშვილს, ადვოკატების გარდა, აკრძალული აქვს ნებისმიერ პირთან პაემანი და სატელეფონო კომუნიკაცია“, - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

გოგაშვილის მეორე ადვოკატის, დიმიტრი ღონღაძის თქმით, ვახტანგ გომელაურმა სოსო გოგაშვილს ტელეფონით ოთხჯერ დაურეკა. ადვოკატის ინფორმაციით, პირველ ორ შემთხვევას ორგანიზებას უწევდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი ზურაბ მოდებაძე, რომელმაც გოგაშვილს მიუთითა, რომ სასაუბროდ სააბაზანო ოთახში შესულიყო. მისივე თქმით, ადვოკატებისთვის ცნობილია, რა ნომრიდან უკრეკავდნენ პატიმარს და ისიც, რა ნომერი იყო მოთავსებული ტელეფონში, რომლითაც ის შს მინისტრს პასუხობდა: „მეტიც, იოსებ გოგაშვილმა შეძლო და მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება: მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის, ე.წ. სკოტჩის მეშვეობით მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს მტკიცებულება უკვე გამოტანილია N12 პენიტენციური დაწესებულებიდან და ადვოკატები შევეცდებით, თუ ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისთვის, ჩავატაროთ შესაბამისი ექსპერტიზები“.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და შინაგან საქმეთა მინისტრს ამ საკითხებზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გოგაშვილის დაკავების შემდეგ, მის ფეისბუკგვერდზე ხშირაც ვრცელდება მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სხვადასხვა ბრალდება. 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ბრალდებული სოსო გოგაშვილი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინა: „ექვსიოდე წლის წინ, შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო, თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი, აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუს-ის ზონდერებს, შარაძესა და „მოზგის“ ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე, თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა“.

იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოდგილის თანამდებობას იკავებდა, 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს. პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს, რომ წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).