თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაპატიმრებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება. დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს და პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
გუშინ, 28 ოქტომბერს, ნინო დათაშვილი ადვოკატებმა რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.
„მან, პრაქტიკულად, ჩვენთან კომუნიკაციაც კი ვერ შეძლო, ვერ მოაწერა ხელი დოკუმენტებს. ის ეტლით გადაადგილდება, კისერს საერთოდ ვერ ამოძრავებს. საუბარი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობაზე. აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე.
პატიმრობის გამოყენების ერთადერთი არგუმენტი, რომელიც პროკურატურას აქვს და რომელიც სასამართლომაც გაიზიარა, არის ის, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს ხედავს ნინო დათაშვილის შემთხვევაში. გუშინ რაც ვნახეთ, შოკირებულები ვართ... ნინო დათაშვილის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ადამიანი არის პრაქტიკულად უძლური, არ შეუძლია გადაადგილება და რომელი ახალი დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი“, - განაცხადა ადვოკატმა ელისო რუხაძემ პროცესის დაწყებამდე.
კიდევ ერთი ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლო ვალდებულია, არ დაუშავას სახელმწიფოს მხრიდან წამება/არასათანადო მოპყრობა და ნინო დათაშვილი გაათავისუფლოს.
„მაშინ, როდესაც ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უფარდებდნენ, ადვოკატები ვაცხადებდით, რომ ციხის პირობებში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა. სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში იმდენად გართულდა მისი მდგომარეობა, რომ მას ერთის ნაცვლად, დაუყოვნებლივ სჭირდება ორი ოპერაციის ჩატარება კისრისა და წელის მალებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ვალდებულია ნინო გაათავისუფლოს პატიმრობიდან, არ დაუშვას მისი წამება და არასათანადო მოპყრობა, რადგან, როდესაც სამედიცინო სერვისები არ არის ეფექტური, ადამიანის პატიმრობაში ყოფნა შეიძლება შეფასდეს სწორედ წამებად და არასათანადო მოპყრობად“, - აღნიშნა თამარ გაბოძემ.
სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი ნინო დათაშვილი 20 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ინიციდენტის გამო დააკავეს. მას ბრალად მანდატურებზე თავდასხმა ედება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დათაშვილი თავად გახდა მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.
 
																 
                  
 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			