ადვოკატის თქმით, რკინის ჯებირის საქმეზე შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ომარ ოკრიბელაშვილი და ადვოკატი დავით გამყრელიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ადვოკატმა დავით გამყრელძემ, რომელიც საქმეში ორი თვის წინ ჩაერთო, საპროცესო შეთანხმების გაფორმებზე მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც გამყრელიძემ თქვა, შესაძლოა, პროკურატურამ ბრალდებულების მდგომარეობა გაითვალისწინოს და ბრალის ნაწილობრივი აღიარებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადააკვალიფიციროს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რაც უფრო მსუბუქი დანაშაულია, ვიდრე ჯგუფურად ჩადენილი იგივე ქმედება. ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას არ აღიარებენ.  

„დღეს პროკურატურამ გადმოდგა ერთი ნაბიჯი და თქვა, რომ წინამორბედ ადვოკატებს არცერთხელ არ მოუმართავთ ჩვენთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეო. იმ ადვოკატებს თავისუფლად შეეძლოთ, ბრალის ნაწილობრივი აღიარებით და უდავო მტკიცებულებების ცნობით აქამდე ეს ბავშვები უკვე გარეთ ყოფილიყვნენ.

მე ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან არის კიდევ ერთი დათმობის ნაბიჯი გადმოდგმული. საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ ბრალდებულები, ორივე მათგანი, შესაძლოა, უკვე შემდგომ პროცესზე პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლონ, რაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი გვეგონა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა.

ამ კონკრეტულ მომენტში, ომარ ოკრიბელაშვილი თანახმაა და პირიქით, უხარია კიდეც, რომ თავისუფლებაზე გამოვა ძალიან მალე, თუმცა, საბა მეფარიშვილი რაღაცნაირად ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული მის პოზიციებში. გაურკვეველია რატომ ხდება ეს ასე. ჩვენ შევეცდებით, საბა მეფარიშვილს ავუხსნათ, რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება და შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მასაც ვიხილავთ ძალიან მალე თავისუფლებაზე“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა გამყრელიძემ.

მოსამართლე ნათია გუდაძემ სხდომა 20 იანვრისთვის გადადო და საბა მეფარიშვილს, რომელმაც დავით გამყრელიძის აცილება მოითხოვა, მოსაფიქრებლად დრო მისცა.

„მზად ვიყავით, დასკვნითი სიტყვები წარმოგვეთქვა, თუმცა, მოსამართლემ დასვა შეკითხვა, სურდათ თუ არა მხარეებს საპროცესო შეთანხმებაზე შეთანხმების მიღწევა.

დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სურს მოლაპარაკების დაწყება. ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. ჩვენ მომართვის განხილვის ვალდებულება გაგვაჩნია და წერილობით პასუხს გავცემთ“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ.

23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი რვა თვეა პატიმრობაში იმყოფებიან. პროკურატურა მათ თბილისში, პარლამენტის შენობასთან პოლიციის მიერ დროებით განთავსებული რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას და სახელმწიფოსთვის 400 ლარის ოდენობის ზიანის მიყენებას ედავება. აქედან ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენს, ხოლო 150 ლარი ხელობის ღირებულებაა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე სასამართლო პროცესები არაერთხელ გადაიდო - ხან მოსამართლის, ხან კი პროკურორის მიზეზით. დაკავებულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ განაჩენის გამოცხადება მიზანმიმართულად ჭიანურდებოდა, რათა მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მსჯავრდებულთა შეწყალება ვერ მოესწრო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.