„როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობიანი მომიტინგეების გაჩუმება დაშინებისა და დასჯის გზით“, – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების ახალ ტალღას ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ ეს დაპატიმრებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების მზარდ ტენდენციას.
„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესონ, ახალი ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს გაცილებით სცდება.
მშვიდობიანმა შეკრებებმა შესაძლოა დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს უხერხულობა - ეს არ ამართლებს დარბევას ან დაპატიმრებას, რაც არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობისთვის უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს“, – აცხადებს კრივოშეევი.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც „მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელების გამო დააკავეს.“
გასულ კვირაში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლებიც საპროტესტო აქციებს ზღუდავს და მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს.
მოსამართლეს ჯარიმის გამოყენების უფლება აღარ ექნება და აქციის მონაწილის მიმართ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობას გამოიყენებს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის მიერ მოხდა 27 პირის იდენტიფიცირება, რომლებმაც 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
დაკავებულებს შორის არის ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ვახო სანაია და ქეტა ციცქიშვილი. სასამართლომ სანაიას ექვსდღიანი, ხოლო ციცქიშვილს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
