ახალქალაქის პოლიციის უფროსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ახალქალაქში დაკავებული არტურ მკოიანის მეუღლე რაიონის პოლიციის უფროსს, შალვა ლომსაძეს მის გატაცებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მინა მკოიანის თქმით, შალვა ლომსაძემ 2021 წლის 24 დეკემბერს გაიტაცა და მისი გაუპატიურება სცადა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დაბურულშუშებიანი შავი მანქანა მომყვებოდა, დიდხას ასიგნალებდნენ, ამიტომ გზა შევიცვალე, შემეშინდა. თეთრმა პიკაპმა გზა გადამიკეტა. იქიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელმაც მკითხა, ნამდვილად მინა ვიყავი თუ არა და ჩამსვა მანქანაში, სადაც პოლიციის უფროსი იყო. მე მას ვკითხე, რა უნდოდა, რაზეც მიპასუხა: „დაგპირდი, რომ ჩემი იქნებოდი და ეს დღე დადგა“. მან ჯერ ორივე ხელი დამიჭირა, შემდეგ ყელში მწვდა და ცდილობდა ჩემს გაუპატიურებას“, - ამბობს მინა მკოიანი გამოცემა jnews-თან საუბარში.

მისივე თქმით, პოლიციის უფროსს წინააღმდეგობა გაუწია და დაარტყა, რაზეც ლომსაძემ დარტყმით უპასუხა:

„ამ დროს ჩანთა გამომგლიჯა, რომელშიც ფული და ძვირფასი სამკაულები იდო. ფული და სამკაულები ამოიღო, ჩანთა კი მესროლა. სამი ბეჭედი, ჯვარი და ორი კულონი აიღო. მითხრა, რომ ვინანებდი. ასპინძასთან არ ვიყავით მისულები, როდესაც მანქანიდან ჩავიდა“, - ქალის განცხადებით, იმ დროს, როდესაც პოლიციის უფროსი მასზე ძალადობდა, მანქანაში მძღოლიც იმყოფებოდა. მინა მკოიანის თქმით, შალვა ლომსაძემ ვიღაცას დაურეკა და უთხრა, ქალაქში ყველა სამეთვალყურეო კამერა გამოერთოთ. ასპინძისკენ დაიძრა. იქ გზაზე თეთრი ჯვარია. იქ გაჩერდა. ამის შემდეგ მე ვიღაც თეიმურაზთან და გიორგისთან ერთად გავაგრძელე გზა. რაღაც ადგილას მივედით, ჩემთვის უცნობი ადგილი იყო. დაიწყეს რეკვა, სად უნდა მივეყვანე. ჩანთაში ყოველთვის მიდევს ფრჩხილების პატარა მაკრატელი. ამოვიღე შეუმჩნევლად, ერთ-ერთს მხარში ჩავარჭე და მანქანიდან გადმოვხტი. მოვახერხე და ჩემს მაზლთან დავრეკე“.

კითხვაზე, რატომ აქამდე არ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან პროკურატურას, მინა მკოიანი პასუხობს:

„ჩუმად ვიყავით. გვინდოდა მომხდარი დაგვევიწყებინა, თუმცა შიშში ვცხოვრობდით. იმ შემთხვევის შემდეგ, შალვა მწერდა და ჩემი ქმრის დაჭერით მემუქრებოდა. ჩვენ არ ვპასუხობდით. ბოლო სამი თვის განმავლობაში ის ჩემს ქმარს სხვადასხვა ადგილას ხვდებოდა, მანქანის შუსას ჩაუწევდა და აგინებდა. ამას ბევრი შეესწრო, პროვოცირებას ცდილობდა. სხვადასხვა პროფილიდან გვწერდა, ჩემს ქმარსაც მიწერა, თუ არ გაჩერდებოდა, იტყოდა, რომ ჩემთან იყო და ვიდეოსაც გაავრცელებდა“.

„საქართველოს ამბები“ ახალქალაქის პოლიციის უფროსს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე მან უარი თქვა. სექსუალურ ძალადობაში პოლიცის უფროსის დადანაშაულებას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხმაურებია.

ახალქალაქში, 37 წლის არტურ მკოიანი 24 აგვისტოს დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. პოლიციის ცნობითვე, მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა, თუმცა მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს, 1985 წელს დაბადებული არტურ მკოიანი მართავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ არტურ მკოიანი სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას აგრძელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

არტურ მკოიანის დაკავების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პოლიციელები მკოიანების ოჯახში იარაღის ჩადებას ცდილობდნენ, რათა „შემდგომ მისი დაკავება შესაბამისი მუხლით მომხდარიყო, მაგრამ ატეხილი ამბის შემდეგ, როდესაც პროცესში ტელევიზიები ჩაერთნენ, ვეღარ გაბედეს ამის განხორციელება“. ბოტკოველის თქმით, არტურ მკოიანის და მისი ოჯახის მიმართ „პოლიტიკური დევნა“ 2021 წელს დაიწყო, როდესაც მკოიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება უარყო და ამის საპასუხოდ, ვიდეო გაავრცელა, სადაც მათი თქმით, ასახულია მოქალაქე არტურ მკოიანის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).