„სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და „ცრუ მოწმე პოლიციელები“ – ეს ის ტერმინებია, რომელთა გამოყენების გამოც კომუნიკაციების კომისია TV პირველს კანონდარღვევას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა 11-დან 13 მაისის ჩათვლით „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი ჩაატარა. დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, არხმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც კრძალავს ახალ ამბებში პოლიტიკური დაპირისპირებისა თუ საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე.
მარეგულირებელმა ორგანომ დარღვევად მიიჩნია სიუჟეტებში გაჟღერებული შემდეგი ფრაზები:
- „ამ წუთებში სინდისის პატიმრები გლდანის ციხიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ... ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები წელიწადი და ხუთი თვეა სასჯელს იხდიან“;
- „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო... ოლიგარქი და მისი ოჯახი ქონებას პარიზში ფლობს“;
- „დღეს მზია ამაღლობელის დაბადების დღეა. ის უკვე მეორედ ხვდება იუბილეს გისოსებს მიღმა... მოქალაქეები ცდილობდნენ, ხმა მიეწვდინათ ჟურნალისტისთვის, რომელიც „ოცნებამ“ სამაგალითოდ დასაჯა პოლიციელ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო“;
- „მღვდელმთავრების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებიდან ჩნდება განცდა, რომ სინდისის პატიმრების თემაზე შიო მესამეს კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ დაწყებული აქვს“;
- „ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას ელოდება“;
- „აქტივისტების ტერორი გრძელდება“.
მოხსენებით ბარათში ნათქვამია, რომ მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება, მათ შორის ისეთი ფრაზების, როგორიცაა „ოცნების გამოძიება“, „არარსებული დანაშაული“ თუ „აქტივისტების ტერორი“, წარმოადგენს მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის გაშუქებას, რაც კანონდარღვევაა.
კომისიის თავმჯდომარის, გოგა გულორდავას განცხადებით, მედია ამ ტერმინების მიზანმიმართულ დამკვიდრებას ცდილობს, რაც კანონისთვის გვერდის ავლის მცდელობაა:
„თქვენ ამკვიდრებთ ამ ტერმინს. იმან ვიღაცამ სადღაც ერთხელ გამოიყენა, თქვენ კი ამას სისტემატურად იყენებთ, რაც კანონისთვის გვერდის ავლის საშუალებაა“, - განაცხადა გულორდავამ.
ტელეკომპანიის წარმომადგენლები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და პროცესს ცენზურის მცდელობად აფასებენ. „TV პირველის“ იურისტის განმარტებით, აღნიშნული ტერმინები არ არის ტელეკომპანიის გამოგონილი. ისინი ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო დოკუმენტებში, რეზოლუციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში. შესაბამისად, ამ სიტყვების აკრძალვით კომისია მედიას ობიექტური რეალობის გაშუქებას უზღუდავს.

სხდომაზე დაძაბული დისკუსია გაიმართა კომისიის თავმჯდომარესა და „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს შორის.
მელაძემ მარეგულირებელი „ცენზორად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ კომისიას კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი ტელევიზიების შეზღუდვა და დაჯარიმებაა.
მელაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომისიის ამგვარი პოლიტიკის შედეგია ევროპარლამენტის 17 ივნისის ანგარიშში გაჩენილი მოთხოვნა, რომელიც მარეგულირებელი კომისიის წევრების დასანქცირებას გულისხმობს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 25 ივნისს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, 21 მაისს ანალოგიური საფუძვლით კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ 2 500 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებლის მტკიცებით, მაუწყებელმა პირადი დამოკიდებულებები გამოიყენა ისეთი ტერმინების გავრცელებისას, როგორებიცაა „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოცნების სუსი“, „რეჟიმის სასამართლო“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“ და სხვა.
კომუნიკაციების კომისიას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა ხელმძღვანელობს. 2016-2020 წლებში ის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2013-2016 წლებში – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. საპარლამენტო საქმიანობის შემდეგ, 2020-2025 წლებში, გულორდავა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი და მოგვიანებით – შიდა აუდიტის დირექტორი იყო. პარალელურად, 2023-2025 წლებში, ის პროსამთავრობო მედიაჰოლდინგ „ტელეიმედის“ ფინანსური მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურში მუშაობდა.
„ტელეიმედის“ თანამშრომელი იყო კომისიის კიდევ ერთი წევრი, ანი ვაზაგაშვილი, რომელიც 2024-2026 წლებში „ტელეიმედის“ იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
