ალან გაგლოევმა „სამხრეთ ოსეთის მთავრობა“ დაითხოვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეპუბლიკის პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა დღეს, 21 იანვარს, ე.წ. მთავრობის დათხოვნის შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გაგლოევმა კონსტანტინ ჯუსოევი, გადადგომის შესახებ საკუთარი განცხადების საფუძველზე, „პრემიერ-მინისტრის“ თანამდებობიდან  გაათავისუფლა.

ე.წ. მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობას „ვიცე-პრემიერი“ ძამბოლატ ტადტაევი შეასრულებს.

„სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტს დაევალა ახალი მთავრობის ფორმირებამდე თავისი მოვალეობების შესრულება“, – ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაგლოევის თქმით, ახალი „პრემიერ-მინისტრის“ კანდიდატურა „პარლამენტს“ დასამტკიცებლად მალე წარედგინება.

პოპულარული ადგილობრივი ტელეგრამ-არხი (BONV[Ӕ]RNON) წერს, რომ ჯუსოევის გათავისუფლება სავარაუდოდ რუსული დაფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას მოჰყვა. როგორც ირკვევა, მოსკოვს კითხვები აქვს, თუ „სად გაქრა 2.5 მილიარდი რუბლი“, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი.

„ალან გაგლოევი ყველაფერში კონსტანტინ ჯუსოევს დაადანაშაულებს. არაერთხელ დაგვიწერია, რომ კომპანიები, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო გარანტიებით უზრუნველყოფილი შეღავათიანი სესხების სახით თითქმის სამი მილიარდი რუბლი გათეთრდა, ნომინალური მფლობელების, გაგლოევისა და პრემიერ-მინისტრ ჯუსოევის საკუთრებაა — გაფორმებულია ყალბ დირექტორებზე მათი ნათესავებისა და თანამოაზრეების რიგებიდან. სამხრეთ ოსეთში ვერცერთი „შემთხვევითი მეწარმე“ ამ ორი ფიგურის პირდაპირი მფარველობის გარეშე რუბლს ვერ მიიღებდა“, – წერს ტელეგრამ-არხი.

15 იანვარს „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტაიმურაზ ტადტაევმა, „მთავრობა“ მკაცრად გააკრიტიკა 2022–2025 წლების განვითარების პროგრამის წარუმატებლობის გამო. როგორც მან აღნიშნა, „რესპუბლიკამ“ დახარჯული 3 მილიარდი რუბლიდან არანაირი სარგებელი არ მიიღო: ოთხი ქარხნიდან არცერთი არ ფუნქციონირებს, ხოლო ბიუჯეტმა, მოსალოდნელი გადასახადების სახით, 500 მილიონი რუბლი დაკარგა. ტადტაევმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საწარმოები კერძო ხელში აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სახელმწიფო სახსრებით აშენდა. ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თქვა, რომ ეს ეკონომიკური კრახი წარმოადგენს პოლიტიკურ დარტყმას „პრეზიდენტის“ ავტორიტეტისა და მის მთავარ პარტნიორთან, რუსეთთან ურთიერთობებისთვის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.