ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, საჭირო გახდეს იმ საკონსტიტუციო სარჩელის გაფართოება, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციისთვის დასანქცირებული „იმედის“ ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე „ერთი სიითა და ნაცმოძრაობის 5 ნომრით“. ჟურნალისტმა კითხვის დასმისას დაუზუსტებელ, „გავრცელებულ ინფორმაციაზე“ მიუთითა.
„ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის, არის ის, რომ მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. შეიძლება, მათ შორის, დაემატოს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით. შეიძლება, შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში. შეიძლება, ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს სარჩელში. ამაზე, ბუნებრივია, ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძეც ახსენა და ის დაადანაშაულა, რომ 2008 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა.
ცუცქირიძემ ბრალდებას „აბსოლუტური სიცრუე და პროპაგანდა“ უწოდა და კობახიძე დებატებში გამოიწვია: „მათთვის „პროფესიონალი“ ხარ მაშინ, როცა ეხმარები, და „მტერი“ ხდები იმ წუთიდან, როგორც კი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ალტერნატივას ქმნი. მათ არაფერი აქვთ სათქმელი მომავალზე, ამიტომაც იქექებიან წარსულის აჩრდილებში. ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ. ვისაუბროთ არა „წიაღებზე“, არამედ იმაზე, თუ რატომ შეიყვანეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში, რატომ მოგვაქციეს იზოლაციაში და რატომ გაძარცვეს ბიუჯეტი.“
2 მარტს ცხრა პროდასავლური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ედპ და „ევროპული საქართველო“) ერთიან პლატფორმაზე დაფუძნებულ ალიანსში გაერთიანდა. მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და ევროატლანტიკური კურსის აღდგენაა.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი გასული წლის ოქტომბერში შეიტანა. მანამდე მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკურ საქმიანობასა და არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს. ექსპერტების შეფასებით, ეს პროცესი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას ისახავს მიზნად.
