„არ იწვალოთ შეკითხვებზე, მხოლოდ განცხადებას ვაკეთებ“, - უთხრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც არჩევნებში ხმა დაცვის თანხლებით მისცა. ივანიშვილმა თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობისა და „უცხო ქვეყნის ინტერესის“, ასევე ოპოზიციის აკრძალვის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი - ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს.
თანაც, წლევანდელი, დღევანდელი არჩევნები იმით არის გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ.
მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, რომ ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს.
ამ არჩევნებით ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, ასეთი სიძულვილის ენა, ასეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ზრუნავს და ცდილობს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს და გამარჯვებისკენ წაიყვანოს. მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხოურ აგენტურას, უცხოურ ქვეყანას - აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი გამოიხატება მხოლოდ იმ ოში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ.