ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალთვის ძირის გამოთხრის გამო“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილის სანქციების საფუძველია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის 15 აპრილს გამოცემული 14024-ე აღმასრულებელი განკარგულება.
აღნიშნული განკარგულება ითვალისწინებს იმ პირთა დასანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ, ან უშუალოდ ან ირიბად ჩართულნი არიან ან ცდილობენ ჩაერთონ ქმედებებსა და პოლიტიკაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან მის ფარგლებს გარეთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ან, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მის სასარგებლოდ.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა გამოფიტა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობა საქართველოში.
გარდა ამისა, მათ შეაფერხეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი - მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი უსაზღვროდ სურს და საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. შედეგად, საქართველო დაუცველი გახდა რუსეთის წინაშე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას აგრძელებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, შეერთებული შტატები გმობს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში „ქართული ოცნების“ ქმედებებს, მათ შორის, მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერების მიმართ მიმდინარე ძალადობრივ რეპრესიებს.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე სანქციების დაწესება გულისხმობს, აშშ-ში ყველანაირი საკუთრების ან ქონებრივი ინტერესის დაბლოკვას.
როგორც დეპარტამენტმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციები და სხვა გარიგებები ივანიშვილის მონაწილეობით ზოგადად აკრძალულია OFAC-ის მიერ სანქციების დაწესების შედეგად, OFAC-მა გამოსცა გენერალური ლიცენზია 116, რომლითაც შეერთებული შტატების პირებს ნება დართო, ყველა სახის ტრანზაქციაში ჩაერთონ იმ სუბიექტებთან, რომელთა 50%-ს ან მეტს ივანიშვილი ფლობს, თუკი ასეთი სუბიექტები არ არიან დასანქცირებულთა სიაში. თუმცა, აშშ-ს პირებს უშუალოდ ივანიშვილთან ტრანზაქციები ეკრძალებათ.
116-ე გენერალური ლიცენზია არა-ამერიკელ პირებსაც აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ლიცენზიით ნებადართულ ტრანზაქციებში 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების შესაბამისად სანქციების რისკის გარეშე.
გარდა ამისა 116-ე გენერალური ლიცენზიის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ნებადართული არ არის კონკრეტული ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია სინგაპურის სააპელაციო სასამართლოში Credit Suisse-ის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავასთან. ნებისმიერი გადაწყვეტილების, ბრძანების, ან მორიგების აღსრულებლად, რომელიც წარმოიქმნება სამართალწარმოებიდან და ნებისმიერი გადახდის განსახორციელებლად ცალკე ნებართვა იქნება საჭირო.
დღეისთვის OFAC-ის სპეციალურად დასანქცირებული მოქალაქეების და ბლოკირებული პირების სიაში საქართველოს 7 მოქალაქეა: ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, მირზა კეზევაძე, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, ზურაბ მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.