ანდრო ჭიჭინაძის და 10 პირის საქმეზე სააპელაციომ განაჩენი უცვლელი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი პროევროპული აქციების 11 მონაწილის მიმართ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოლოდინი იმისა, რომ გადაწყვეტილება შეიცვლებოდა ან თუნდაც სასჯელი შემცირდებოდა, არ გვქონდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვდა, რომ პირველი ინსტანციის აბსურდული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გაუქმებულიყო. როდესაც მოსამართლე მინიმალურ განმარტებასაც კი არ აკეთებს, რატომ იზიარებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მსჯელობას, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არის ფორმალური. ამ რეალობაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთადერთი ეფექტური გზაა სამართლის საპოვნელად“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა.

საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ საქმის პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტი იყო.

„რაც შეეხება ჩვენს საქმეს, მოგეხსენებათ, ჩვენ განზრახ დანაშაულს გვედავებიან, ეს პროკურატურამ უნდა ამტკიცოს დანაშაულია თუ რა არის, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცა. მე შემიძლია გესაუბროთ განზრახვაზე და მიზეზზე, რატომ ვიყავით იქ. განზრახვაც და მიზეზიც ერთადერთი იყო - მინდოდა სამართლებრივ და ღირსეულ სახელმწიფოში მეცხოვრა. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა შუაშია, 28 ნოემბრის განცხადება ამ ყველაფერთანო, თუმცა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ცივილიზაციისგან მოწყვეტა და საგარეო კურსის ცვლილება პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს იმ ფასეულობების დეგრადაციისკენ, რა ფასეულობებიც გვინდა ჩვენ ინსტიტუციებში დავნერგოთ, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იქნება.

ალბათ, ყველამ იცის, რომ მოლაპარაკებების თუნდაც დროებითი შეჩერება ვერ იქნებოდა „ყველანაირი ძალღონის მოხმარება“ იმისთვის, რომ ევროინტეგრაცია მომხდარიყო. მარტივად რომ ვთქვა, აქამდე რომ არ მივსულიყავით, სადაც ახლა ვართ, იმიტომ ვიდექით იქ და გამოვხატავდით ჩვენს აზრს სრულიად მშვიდობიანად.

ყველამ ვნახეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუშები, რომელზეც არ არის აუცილებელი ადამიანმა საქმის მასალები იცოდე, ერთი შეხედვითაც ჩანს ყველაფერი. ზუსტად იმიტომ დაიხურა პროცესებიც, რომ ერთი შეხედვითაც შეეძლო ადამიანს ტელევიზორიდან ენახა და მარტივად მიხვდებოდა, რომ ეს რაღაცა - ფარსი ჰქვია თუ აბსურდი - ეს ყველაფერი კარგად ჩანდა...

ერთი რამ მინდა გულწრფელად გითხრათ, თქვენ არ განიხილავთ მარტო ჩვენს საქმეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კონტექსტი შეიქმნა ასეთი და ეს ჩვენს ქმედებას არ შეუქმნია. თქვენ განიხილავთ გარკვეულწილად იმას, თუ რა ფორმით იარსებებს ეს ქვეყანა და რა იმიჯი, მომავალი ექნება. ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ირიბად რამეს გთხოვთ, პირიქით, თქვენ ამას გთხოვთ სამართლიანობის პრინციპი, ანუ სამართლიანად საქმის განსჯას გთხოვთ ზოგადი სამართლიანობის პრინციპი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც პროცესს დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა:

„ისტორიაში შევიდა, შეიძლება ითქვას, განაჩენი გამოუტანა ამ რეჟიმს, რადგან ამის მერე აღარაფერი აკლია ამ რეჟიმს, რომ იყოს სრულყოფილი დიქტატურა, სადაც სასამართლო არ არსებობს. ყველამ ვიცით, რომ აქ არც ერთი ნიშანი დანაშაულის არ იყო, იყო გამოხატულება თავისუფლების, თავისუფალი აზრის. მათ არაფერი საერთო ერთმანეთში არ ჰქონიათ გარდა იმისა, რაც ციხეში გაუჩნდათ. ამიტომ არანაირი საფუძველი არაფრის არ იყო, ეს განაჩენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტოტალური განაჩენია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს.

თავდაპირველად პროკურატურა მათ საპროტესტო აქციაზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა (რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). თუმცა, 2025 წლის 3 სექტემბერს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და 11-ვე ბრალდებული დაამნაშავედ ცნო ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობის მუხლით, რისთვისაც მათ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ეს გადაწყვეტილება დატოვა სააპელაციო სასამართლომ უცვლელად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.