ანგარიში: ევროკომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ფორმალურად მიიჩნევს

ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსი

„საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს ჩამოაშორა“, - ნათქვამია გაფართოების ყოველწლიურ პაკეტში, რომელიც ევროკომისიამ დღეს, 4 ნოემბერს მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დოკუმენტში, სადაც გაფართოების პარტნიორების მიერ ბოლო ერთი განმავლობაში მიღწეული პროგრესი ფასდება, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია 2024 წლიდან.

„მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით, რაც ხასიათდება კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვებით. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც მკვეთრად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.

საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს დემოკრატიული უკან დახევა და გაიღოს ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც დაფუძნებულია პარტიებს შორის თანამშრომლობასა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობაზე, ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად.

2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად და საქართველოს განგრძობადი დემოკრატიული უკანდახევის გათვალისწინებით, კომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ფორმალურად მიიჩნევს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ“, – ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტში.

კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ“, – ანგარიშში აღნიშნულია, რომ სერიოზული უკუსვლა დაფიქსირდა ყველა ძირითად სფეროში, რაც გამოიხატა რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლო სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციით, ოპოზიციის ლიდერების დევნით, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაპატიმრებებით და სამოქალაქო სივრცის შევიწროებით.

„კონტროლისა და ბალანსის და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ეროზიამ, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფოს მიტაცება გამოიწვია.

2024 წლის ნოემბერში, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების არ დაწყების შესახებ ნათლად აჩვენა მათი გადახვევა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში.

ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ავრცელებდა ანტიევროპულ რიტორიკასა და დეზინფორმაციას და არ ავლენდა პოლიტიკურ ერთგულებას შესაბამისი რეფორმების (ანუ ცხრა ნაბიჯის) განხორციელების მიმართ, რომლებიც ასახულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში და რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება“.

გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით და დასძინა, რომ ალბათ, გაფართოების შესახებ არცერთ ანგარიშში არ ყოფილა ამდენი საუბარი უკუსვლაზე.

„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს თავისი კურსი. საქართველოს მოქალაქეებიევროპულ მომავალს ითხოვენ და მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ. კომისიისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“, - განაცხადა მარტა კოსმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.