„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, აცხადებს, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში მოტაცებით ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 2 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 3 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 4 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 5 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 6 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
„ივანიშვილმა მიმართა კრიმინალურ მეთოდს, მოტაცებას. იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, მეთოდს, რომლითაც კალაძეს ძმა მოსტაცეს ზუსტად იმავე მიზნით, ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული.
ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარაწამოფარებული, უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს.
ალბათ, თქვენთვის გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ, სუს-ი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს.
გამაგებინეთ, როგორ ვიპოვო სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც, ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ორი წელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო მე და ჩემ ოჯახს? ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში. როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო და ერთს სხვა სამართალს უწყობთ, მეორეს – სხვას? მალე ალბათ ორი კონსტიტუცია იქნება მიღებული ჩვენთვის. ზოგიერთები ტელევიზიით ამბობენ, რომ რა კარგია, ხომ ხედავთ წამება არ არისო. აბა, ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? ჰკითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს, სინდისის პატიმრების მშობლებს, მათ ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სადაც მის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეს განიხილავდნენ „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
29 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის გაიტაცეს უცხოეთიდან, რათა საქართველოში დაებრუნებინათ. „24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის წევრებთან შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა გზა ჩემი ექსტრადირებისთვის იმიტომ, რომ ინტერპოლის მიერ ჩემზე ძებნა შეჩერებული იყო, ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 4 მარტს, ფარულად დატოვა. შსს-ს გამოძიების თანახმად, ბაჩიაშვილი სომხეთში ავტომობილში მოწყობილი სამალავით გადავიდა, იქიდან კი რუსული პასპორტით კატარში გაფრინდა. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
10 მარტს მას „ბიტკოინების საქმეზე“ 11 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
